27 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნება

მმართველმა გუნდმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება. ის კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა ორგანიზაციური რგოლებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას, ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.

დღეს უმრავლესობამ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი დააინიცირა, რომელიც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში ანტიკორუფციულ მიმართულებაზე მომუშავე ჯგუფმა შეიმუშავა. ჯგუფში შედიოდნენ უმრავლესობის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თავის მხრივ, ანტიკორუფციული ბიუროს კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი შეარჩევს და პრემიერს წარუდგენს.

"ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს. რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას, "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულია შემდეგი წესი: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

დღის ამბები