26-27 ოქტომბერს ნასაკირალის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ35-კმ43.6 (ე.წ. "ნასაკირალის უღელტეხილი") მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია "ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის" ფილიალი საქართველოში, ახორციელებს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ფენის დაგებას. აქედან გამომდინარე 2022 წლის 26 ოქტომბრის 08:00 სთ-დან 27 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ დროის აღნიშნულ პერიოდში, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გავლით.