27 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ირანული კამიკაძე დრონები კიევის თავზე გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად - ომის 244-ე დღე უკრაინაში

ოკუპანტი ქვეყანა კვლავ "ბინძური ბომბის" შესახებ საუბრობს. მოსკოვი გაეროს კიევზე ზეწოლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ უკრაინის მთავრობამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ შესაძლოა რადიოლოგიური იარაღი გამოიყენოს. ოფიციალური წერილი ორგანიზაციის თავმჯდომარეს რუსეთის წარმომადგენელმა მიწერა.

მეორე დღეა მოსკოვის დეზინფრომაციას ვერ იჯერებს ცივილიზებული სამყარო. ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთმა აღნიშნული ცრუ ცნობები შესაძლოა სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენოს. კრემლის მიერ აგორებულ კამპანიას აბსურდულს, მაგრამ საყურადღებოს უწოდებს თეთრი სახლი. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც დღის განმავლობაში კიევის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემამ 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

სავრაუდოდ, მოსკოვის განცხადებების უკვე ნაკლებად სჯერა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც. გერმანიის პრეზიდენტს, რომელიც უკრაინას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა, ჩერნიგოვის ოლქში რამდენიმე საათის გატარება თავშესაფარში მოუხდა. მიზეზი რუსეთის მხრიდან ნასროლი რაკეტები გახდა.

ოკუპანტები მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს განაგრძობენ. ღამის განმავლობაში 7-ჯერ გახსნეს ცეცლი სუმის ოლქის მიმართულებით. გამოიყენეს ნაღმტყორცნები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. სრულად განადგურდა 3 საცხოვრებელი სახლი მსხვერპლის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმაციას არ ავრცელებს.

დონეცკის ოლქში კი აგრესორის იერიშს 6 ადამიანი ემსხვერპლა - მძიმედ დაშავდა 5. საოკუპაციო ძალამ ცეცხლი სამოქალაქო ობიექტების მისამართით გახსნა. უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი პასუხი მათ წარმატებულ კონტრშეტევაზე - უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკში 4 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

წარმატება აქვთ ხერსონის მიმართულებითაც. ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 246 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს. აფეთქებულია ოკუპანტების საბრძოლო მასალის 3 საწყობი. განადგურებულია 12 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი და 3 მოიერიშე ვერტმფრენი "კა-52". ლიკვიდირებულია 40 რუსი სამხედრო.

დღის ამბები