27 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ყირიმში, საპარლამენტო სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს - საერთაშორისო პლატფორმის მონაწილეებთან რუსული აგრესიის გამოცდილებაზე შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტი დღეს ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მზარდი ზეწოლა აუცილებელია. ყირიმის პლატფორმის წევრებმა ძალაში დატოვეს გადაწყვეტილება, უკრაინის მიმართ პოლიტიკური, დიპლომატიური, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ.

ერთობლივ დეკლარაციამდე, ხორვატიის დედაქალაქში შეკრებილებმა რუსული აგრესიის მძიმე შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება. მთავარი სესია-მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის და უკრაინის რადას თავმჯდომარეების სიტყვით გამოსვლებით გაიხსნა, შემდეგ კი ვოლოდიმირ ზელენსკის ტრადიციული ვიდეო მიმართვით გაგრძელდა. უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება ყირიმის პლატფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

უკრაინის შემდეგ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მონაწილეებთან რუსული აგრესიის გამოცდილებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია, როგორც საკუთარი სამშობლოს ასევე უკრაინის წინააღმდეგ.

საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით მსოფლიო წესრიგის მხარდაჭერა - ეს ის მთავარი გზავნილია, რომლის გარშემოც ყირიმის პლატფორმის მონაწილეები გაერთიანდნენ. შტატების მხრიდან ოკუპირებულ ყირიმში და, ზოგადად, უკრაინაში რუსეთის ქმედებები დემოკრატიაზე თავდასხმად შეფასდა. ნენსი პელოსის განცხადებით, კრემლის სისასტიკე ცივილიზებული ქცევის ფარგლებს ცდება.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პოლიტიკური ნაწილი დღეს კონკრეტული შედეგით დასრულდა, ხვალ კი პლატფორმის ფორმატში სხვადასხვა ქვეყნების ომბუდსმენების ონლაინ შეხვედრა იგეგმება.

 



დღის ამბები