27 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
სიუჟეტი ისე გავიდა, თითქოს მე ირიბად დავადასტურე პრეზიდენტ ალიევის და ბატონი ბიძინას კერძო შეხვედრის შესაძლებლობა, ეს არის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება - მაია მენაღარიშვილი

მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ჩემს კომენტარს და გულდაწყვეტით ვთქვა, რა მეთოდებს იყენებს ზოგიერთი ჟურნალისტი რესპონდენტთან ურთიერთობისას. საქმე შეეხებოდა პრეზიდენტ ალიევისა და ბატონ ივანიშვილის ვითომ საიდუმლო შეხვედრას, რომელიც, თითქოს, სადღაც კერძო სივრცეში გაიმართა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა" მაია მენაღარიშვილმა. მისი თქმით, ჟურნალისტმა პროვოკაციულად დაუსვა კითხვა, მისი კომენტარი კი ეთერში არასრული სახით გავიდა, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მან ივანიშვილის და ალიევის შეხვედრა ირიბად დაადასტურა.

"ჟურნალისტმა დამისვა ეს კითხვა, რაზეც სრულიად გულწრფელად ვუპასუხე, რომ არ ვიყავი საქმის კურსში და მისგან მესმოდა პირველად ასეთი შეხვედრის შესახებ. დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ვუხსნიდი ჟურნალისტს, რომ ასეთი ინფორმაცია მე არ შეიძლებოდა მქონოდა (რაც კომენტარშიც ისმის), ამავე დროს იქვე ვუთხარი, რომ პოლიტიკიდან წასული, კერძო პირის შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ შეიძლებოდა მე მცოდნოდა. როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღო ჩემგან, ჟურნალისტმა პროვოკაციულად დამისვა კითხვა: დაშვება რომ გავაკეთოთ, თუ შეიძლება პრეზიდენტი კერძო პირს შეხვდეს ოფიციალური ვიზიტისასო. რატომაც არა, თუ მათ აქვთ ასეთი ურთიერთობები, მე ეს არ ვიცი-მეთქი. ჟურნალისტმა მხოლოდ ბოლო ფრაზები დატოვა და სიუჟეტი ისე გავიდა, თითქოს მე, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირიბად დავადასტურე პრეზიდენტ ალიევის და ბატონი ბიძინას კერძო შეხვედრის შესაძლებლობა. მიმაჩნია, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რომელიც, პირველ რიგში, ადამიანის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რასაც სამწუხაროდ, ბოლო დროს ზოგიერთი ჟურნალისტი ხშირად მიმართავს. სწორედ ამიტომაა, რომ პარლამენტის წევრებს კომენტარებზე უარის თქმა გვიწევს ცალკეულ ტელევიზიებთან და ნუღარავის უკვირს, თუ ზოგიერთი ჟურნალისტის კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.

თხოვნით მივმართავ ტელეკომპანიას, უზრუნველყოს უწყვეტად გადაღებული კადრების გასაჯაროება, რაც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია", - განაცხადა დეპუტატმა.

დღის ამბები