27 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
პარლამენტმა დღეს სახალხო დამცველობის სამ კანდიდატს მოუსმინა - რა კითხვები დაუსვეს ომბუდსმენობის კანდიდატებს და როგორია შეფასებები

სახალხო დამცველობის სამი კანდიდატი დეპუტატების კითხვებს დღეს 8 საათის განმავლობაში პასუხობდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, კანდიდატებს დღეს კითხვები ადამიანის უფლებების დაცვაზე, მეტად მიუკერძოებლობასა და აპოლიტიკურობაზე დაუსვეს. ომბუდსმენობის მსურველებთან ყველაზე მეტი კითხვა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ჰქონდათ. ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს განმარტებების გაკეთება წარსულში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებზე მოუწიათ.

აბაშიძეს დღეს პასუხი მმართველი პარტიის ამომრჩევლის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამებზეც მოსთხოვეს. პირველი უფლებადამცველობის მსურველი ფიქრობს, რომ ახლა ეს საკითხი რელევანტური არ არის.

არასამთავრობო სექტორის მიერ ინიცირებულ კანდიდატს, საკუთარი შეხედულებების გამოთქმა ნარკოპოლიტიკასა და შეერთებული შტატების ელჩის შესახებაც მოუწია.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური მიუკერძოებლობის მტკიცება დასჭირდა, გიორგი ბურჯანაძეა. სახალხო დამცველის მოქმედ მოადგილეს, გაზაფხულზე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებთან დაკავშირებით მოწოდებები და პოლიციის დისკრედიტირების მცდელობა შეახსენეს.

გიორგი ბურჯანაძემ დღეს ისიც თქვა, რომ ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ომთან დაკავშირებით იზიარებს. მისი თქმით, ნათქვამის კონტექსტი სწორად ვერ გაიგეს, თუმცა საკუთარი ხელმძღვანელის მსგავსად, უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერით უკმაყოფილოა.

უკრაინის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე პასუხის გაცემა დასჭირდა მარიკა არევაძესაც. სახალხო დამცველობის კიდევ ერთ კანდიდატს დღეს კითხეს, მისი სტატუსის შესაბამისად თვლის თუ არა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არასამხედრო მცდელობა ლაჩრული საქციელია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს ომბუდსმენობის 19 კანდიდატიდან სამს მოუსმინეს. პროცესი გრძელდება. საკანონმდებლო ორგანომ, დეკემბერში, ახალი სახალხო დამცველი 90 დეპუტატის მხარდაჭერით უნდა აირჩიოს.

დღის ამბები