27 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
სახალხო დამცველობის კანდიდატებს პარლამენტი უსმენს - გიორგი ბურჯანაძემ "ქართული ოცნების" წევრების კითხვებს უპასუხა

სახალხო დამცველობის კანდიდატებს პარლამენტი უსმენს. ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს მოქმედი ომბუდსმენის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე პასუხობს. ძირითადად კითხვები "ქართულმა ოცნებამ" დასვა. 

უმრავლესობის წევრები დაინტერესდნენ, რამდენად მიუკერძოებელია დღეს ომბუდსმენის ოფისი, ასევე იზიარებს თუ არა კანდიდატი მოქმედი სახალხო დამცველის პოზიციებს. გიორგი ბურჯანაძეს გაუხსენეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებიც.

გივი მიქანაძეს კითხვის პასუხად ბურჯანამძემ განაცხადა რომ იგი საქართველოს დღევანდელი პარლამენტის ლეგიტიმაციას სცნობს

მიქანაძის მეორე კითხვა შეეხებოდა ნინო ლომჯარიას მუშაობის წლებს და იმას, თუ რამდენად იღებს ბუჯრანაძე პასუხისმგებლობას ომბუდსმენის აპარატის განვლილ საქმიანობაზე, რადგან თავად იყო სახალხო დამცველის მოადგილე. 

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისი მოადგილეობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე მას ერთობლივი პროდუქტის განცდა აქვს და სხვადასხვა გადაწყვეტილებებსაც იზიარებს. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობდით, ბუნებრივია სრულიად გუნდური გადაწყვეტილებებით და რა თქმა უნდა ვიზიარებ, ალბათ, იმ პასუხისმგებლობას, იმ ყველაფერს, წარმატებასთან, წარუმატებლობასთან, მიღწევებსაც, ნდობასაც და ა.შ. ჩვენ ყველაფერს მაქსიმალურად გუნდურად ვაკეთებდით, როგორც სახალხო დამცველი, ასევე სამივე მოადგილე და ამ კუთხით ბუნებრივია გვაქვს ერთობლივი პროდუქტის განცდა," - განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძეს ასევე ჰკითხა იმის შესახებ, იზიარებს თუ არა ლომჯარიას განცხადებას, როდესაც მან თქვა რომ ღარიბაშვილის განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით ერჩივნა "ჩვენს თავზე ბომბები ცვიოდეს".

სახალხო დამცველობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი აზრით საქართველოს მეტი სოლიდარობა მართებს უკრაინის მიმართ, თუმცა მისი თქმით, არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა რომ ქვეყანაში ვინმემ ბომბი ისროლოს.

"სახალხო დამცველმა ამასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა პლენარული მოსმენის დროს, ორი კვირის წინ, მან ახსნა ის კონტექსტი, რასთან დაკავშირებითაც წარმოადგინა ეს. მე რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ საქართველოს სოლიდარობა მართებს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ. ბუნებრივია არც სახალხო დამცველი გულისხმობდა და არც მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ბომბები გვცვიოდეს პირდაპირი გაგებით. სახალხო დამცველმა ახსნა, რომ ბუნებრივია ის ელის იმას, რომ მეტი სოლიდარობა იქნება უკრაინის მიმართ. მეც ბუნებრივია ამას მოველი, მაგრამ როგორც სახალხო დამცველმა, ისევე მეც, მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ უსაფრთხოება არის ის საკითხი, რაშიც ალბათ ყველა ვთანხმდებით, არ მგონია საქართველოში საღად მოაზროვნე ადამიანი არსებობდეს რომელიც იტყვის, რომ მას სურს ქვეყანაში ვინმემ ბომბი ისროლოს," - განაცხადა ბურჯანაძემ.

გიორგი ბურჯანაძემ ასევე უპასუხა რატი იონათამიშვილის კითხვას პოლიციის პოლიტიზებულობასთან დაკავშირებით.

"როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში სამართალდამცავების პრობლემებზე, მე ამასთან დაკავშირებით როგორც "ღია საზოგადოების ფონდში", ასევე აქ, მისაუბრია არაერთხელ. იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემური რეფორმები განსახორციელებელია, რათა სისტემის დეპოლიტიზირება მოხდეს," - განაცხადა ბურჯანაძემ.

გიორგი ბურჯანაძემ უარყო მის მიერ პოლიტიკურ აქციებზე მოსვლისკენ ხალხისთვის მოწოდება. 

დღის ამბები