27 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის ანა აბაშიძის მოსმენა პარლამენტში მწვავე კითხვების ფონზე მიმდინარეობდა

სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, ანა აბაშიძის მოსმენა პარლამენტში მწვავე კითხვების ფონზე მიმდინარეობდა. 3 საათის განმავლობაში კანდიდატმა ჯერ საკუთარ ხედვაზე ისაუბრა, შემდეგ კი შეკითხვებს უპასუხა.

მმართველი პარტიის წევრმა დავით მათიკაშვილმა ანა აბაშიძეს მისი საჯარო განცხადებების გარდა შეახსენა საჯარო მიმართვებიც, კერძოდ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში გაგზავნილი წერილი. არასამთავრობო სექტორის ნაწილი, მათ შორის ანა აბაშიძე ამ კომიტეტის წევრად, მმართველი პარტიის წევრის სოფო კილაძის არჩევას ეწინააღმდეგებოდა. ამ საკითხს მაშინ მოჰყვა გამოხმაურება, მათ შორის გერმანიის ელჩის მხრიდან. ჰუბერტ კნირშმა მაშინ ეს წერილი გააკრიტიკა და გააკრიტიკა კონკრეტულად ანა აბაშიძეც.

"როცა დიპლომატი, ჩვენი ქვეყნის მეგობარი გეუბნებათ თქვენ, რომ ამ დონემდე როგორ დაეშვით, რას გულისხმობდა ის და ეს ყველაფერი პირადული დაპირისპირება ხომ არ არის?"- მიმართა კითხვით დავით მათიკაშვილმა ანა აბაშიძეს.

დაპირისპირება არ უარყვია არც ანა აბაშიძეს.

"მან შემიზღუდა ბავშვთა კოდექსზე მუშაობა, გამომირთო მიკროფონი, როცა ჩემი სიტყვის დრო იყო. არანაირი ავტორიტეტი არ არის არავინ, მათ შორის არც გერმანიის ელჩი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით პერსონალური მიმოწერა გაასაჯაროვა," - განაცხადა ანა აბაშიძემ.

დღის ამბები