27 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა, ჩვენ, ქართველებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი - შალვა პაპუაშვილი

ხორვატიაში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის მთავარი სესია გაიხსნა. სესია ხორვატიის პარლამენტის სპიკერმა გახსნა. პირველი გამომსვლელი კი უკრაინის რადას თავმჯდომარე იყო, რომელმაც მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის მთავარი სესიაზე სულ რამდენიმე წუთის წინ დაასრულა საკუთარი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა აქცენტები გააკეთა უკრაინის მხარდაჭერაზე და რუსეთის აგრესიაზე საქართველოში. თქვა, რომ ვითარება რაც დღეს უკრაინაშია, კარგად ნაცნობია საქართველოსთვის.

"24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ბევრისთვის ეს შეიძლება მოულოდნელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლდოველებს და უკრაინელებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი. ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ისე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვიხილეთ რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან; ხოცვა-ჟლეტას და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები, თვეებისა და წლების მანძილზე როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას.

2008 წელსა და 1990-იან წლებში მიღებულმა გამოცდილებამ სამი რამ გვასწავლა: პირველი - აუცილებელია აგრესიის ყველა დანაშაულის დოკუმენტირება. საქართველო არის უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამოძიების მიზნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილი განცხადების თანაავტორი. იურიდიული ბრძოლების მოგება მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში.

მეორე - საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება აუცილებელია როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მიერ დარღვეული სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენამდე.

და მესამე - საერთაშორისო თანამეგობრობამ დაჟინებით უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა.

უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, რამეთუ ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია რუსეთს აქვს ოკუპირებული. ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის და მათი სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლები უკვე ჰქონდათ სხვა ლიდერებს, მათ შორის ნენსი პელოსის, რუსლან სტეფანჩუკს და ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები 2014 წლიდან ყირიმში არა მხოლოდ უამრავ დანაშაულს ჩადიან, არამედ ეს არის ერთადერთი ადგილი ევროპაში, სადაც ოკუპანტები რელიგიურ და ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ.

"მსოფლიო იქცა ადგილად, სადაც რუსული ბირთვული შანტაჟი რეალობაა, რადგან რუსეთი მათ მიერ მოპარული ტერიტორიების შესანარჩუნებლად აშინებს მთელ საზოგადოებას კატასტროფით. რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დაბრუნება ნიშნავს უკრაინის აღორძინებას. ეს არის ყირიმში რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის განადგურების მე-9 წელი. ოკუპანტები 2014 წლიდან ყირიმში არა მხოლოდ უამრავ დანაშაულს ჩადიან, არამედ ეს არის ერთადერთი ადგილი ევროპაში, სადაც ისინი ახორციელებენ რელიგიურ და ეთნიკურ წმენდას.

ჩვენ მთლიანად შევცვლით სიტუაციას. უკრაინის დროშის ყირიმში დაბრუნება არის ევროპული ნორმის დაბრუნება. ჩვენ უნდა გავხადოთ ყირიმის პლატფორმა ერთგვარ პლაცდარმად სხვა ჰუმანიტარული დიპლომატიური პლატფორმების განვითარებისთვის, სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის, მათ შორის დნესტრისპირეთის მოლდოვაში, აფხაზეთსა და სხვა ადგილებში," -  აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

წარმომადგენელთა პალატის პრესსპიკერმა ნენსი პელოსმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა უკრაინის მხარდაჭერასა და დახმარებისთვის. მან აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის დასრულებისა და უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის მიზნით შეიქმნა.

"ჩვენ ვუერთდებით დიდი შვიდეულის, ნატოს, ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს თავისუფალი მსოფლიოს ერთიანობის უტყუარ გზავნილში, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ეს პლატფორმა შეიქმნა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის დასრულებისა და უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ყირიმი უკრაინაა. ჩვენ ახლა ვიცით, რომ რუსეთის ქმედებები ყირიმში, უკრაინასა და თავად დემოკრატიაზე ყოვლისმომცველი თავდასხმის ერთ-ერთი განზომილებაა. გაუპატიურების, ბავშვების გატაცებისა და სხვა სისასტიკეების გამოყენება, როგორც ომის იარაღი, ცივილიზებული ადამიანური ქცევის ფარგლებს სცდება," - აცხადებს ნენსი პელოსი.

როგორც ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი აცხადებს, ყირიმი უკრაინაა, ასევე ლუჰანსკი, დონეცკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორია უკრაინას ეკუთვნის.

"დღეს ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ გავაჟღეროთ სამი მნიშვნელოვანი გზავნილი - პირველი გზავნილია, რომ ყირიმი უკრაინაა. ლუჰანსკი, დონეცკი და უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია უკრაინას ეკუთვნის და უკრაინელი მებრძოლები საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევენ თავისუფლებას. მეორე გზავნილია, თქვენი, პარლამენტის თავმჯდომარეების მხარდაჭერა თქვენი კოლეგებისადმი უკრაინის უმაღლეს რადაში, რომლებიც იმ პირობებშიც კი აგრძელებენ მუშაობას, როცა მათ ქალაქებს თავს ესხმიან. მესამე გზავნილია ის, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა მხარი დავუჭიროთ მსოფლიო წესრიგს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით," - ამბობს ანდრეი პლენკოვიჩი.

დღის ამბები