საქართველომ დღეს ოფიციალურად დაიწყო "ადამიანური კაპიტალის" პროგრამა მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, სოციალურ დახმარებასთან და ჯანდაცვასთან.
მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლენიუსი იმედოვნებს, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის შესამცირებლად კარგ ნაბიჯებს გადადგამს.
"ბოლო ორ წელიწადში ჩვენ ვნახეთ შესანიშნავი ეკონომიკური ზრდა და ვფიქრობ, წელს რვა-პროცენტიანი ზრდა იქნება. მომავალ წელს გვექნება ძლიერი ეკონომიკური წინააღმდეგობა ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მოსალოდნელია რეცესია ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ ველოდებით ეკონომიკურ გაუარესებას რუსეთში და სხვა ქვეყნებში. ეს გავლენას იქონიებს ღია ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკაზე, რომელიც დამოკიდებულია ვაჭრობაზე, ტურიზმზე და როდესაც საქართველოს მეზობელ ქვეყნების ეკონომიკები ზარალდება, ამას გავლენა აქვს საქართველოზეც. ინფლაცია ახლა გლობალური პრობლემაა. საქართველოში 10 პროცენტზე მეტია, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში. მჯერა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ინფლაციის შესამცირებლად. ვფიქრობ, მთავრობა სწორ სიგნალებს გზავნის. იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში ინფლაციის სტაბილურ კლებას ვნახავთ," - აცხადებს სებასტიან მოლენიუსი.