27 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
ხორვატიაში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის მთავარი სესია იხსნება - ზაგრებში მსოფლიო ლიდერები ჩავიდნენ

ხორვატიაში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის მთავარი სესია იხსნება - ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მსოფლიო ლიდერები ჩავიდნენ. ისინი ყირიმის ოკუპაციაზე, ასევე ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრობენ. სწორედ ამ წუთებში უკრაინა ისევ იბრძვის აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ, რათა საკუთარი ხალხი და საკუთარი მიწა დაიცვას.

რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა მთავარი სესია. უკრაინის რადას და ასევე ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარეები სიტყვით უკვე გამოვიდნენ. სტეფანჩუკი და იანდროკოვიჩი ამბობენ, რომ ეს ადგილი, პლატფორმა არის საუკეთესო საშუალება რათა მსოფლიოს ლიდერებმა ერთხმად უთხრან რუსეთს, რომ მისი ქმედებები არის დაუშვებელი. 

"ეს არის ყველაზე დიდი, უმაღლესი დონის საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიება და ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო პოლიტიკური შეკრება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღევანდელი სამიტი მოგვცემს შესაძლებლობას, მთელ მსოფლიოს გავუგზავნოთ უკრაინის ერთიანობის, სოლიდარობისა და მხარდაჭერის ძლიერი გზავნილები რუსეთის აგრესიის ფონზე, ასევე სრული ერთგულება გამოვხატოთ იმ ღირებულებების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ - ეს არის მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა," - აცხადებს ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარე გორდან იანდროკოვიჩი.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა პროდუქტიული და ნაყოფიერი იქნება.

"ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, ზაგრებში ჩვენს უკრაინულ დელეგაციასთან ერთად. თითოეულ თქვენგანთან ხელის ჩამორთმევისას ვიგრძენი თქვენი მხარდაჭერის ძალა. ამ სტუმართმოყვარე ხორვატულ მიწაზე ყოფნის პირველივე წუთიდან ვიგრძენით სითბო და ყურადღება მასპინძლებისგან. ძვირფასო კოლეგებო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა, რომელიც არის საინაუგურაციო განზომილება ყირიმის საპარლამენტო პლატფორმის, იქნება პროდუქტიული და ნაყოფიერი," - აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.

სესიაზე ​დღეს სიტყვით გამოვა​ შალვა პაპუაშვილი. ის ისაუბრებს საქართველოს იმ გამოცდილებაზე თუ როგორია რუსული აგრესიის მძიმე შედეგები. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებთან ერთად ორმხრივი შეხვედრები უკვე გამართა, სადაც ქართულმა მხარემ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ევროინტეგრაციის გზაზე ევროპელი კოლეგებისგან კი თანადგომა თავადაც მიიღო.

"ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტების დელეგაციებმა ჩვენ ჩვენი პერსპექტივიდან გამოვხატოთ სოლიდარობა. რაც შეეხება ჩვენს დელეგაციას და ჩემს გამოსვლას, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც რამდენჯერმე გამოვლო რუსული აგრესია, ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა უნდა იყოს სწორი რეაქცია და სწორედ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმაზე თუ რას უნდა გულისხმობდეს ეს სოლიდარობა," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები