27 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
დიქტატურის გამოვლინება და სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემლობა - როგორ აფასებს ოპოზიცია ფაქტს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა

სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილის მიუხედავად, "სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ვერ შედგა". სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობას, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება ოპოზიციაში. "დიქტატურის გამოვლინება" - ასე აფასებენ ხელისუფლების ოპონენტების მმართველი ძალის ქმედებებს და აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ ღარიბაშვილის საგარეო კურსი დიდი ხანია ერთმანეთს აცდენილია. 

"საქართველოს პრეზიდენტის და მმართველი პარტიის გზები საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, რეალურად რამდენიმე თვის განმავლობაში არის ერთმანეთთან აცდენილი. განსაკუთრებით ეს დაფიქსირდა უკრაინასთან დაკავშირებით, როდესაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ნამდვილად იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო საქართველოსგან, როგორც სახელმწიფოსგან. ზოგადად ეს მიმაჩნია დიქტატურის გამოვლინებად, როდესაც პრეზიდენტსაც კი არ აგდებს მმართველი პარტია არაფრად," - აცახდებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე.

ამასთან, მმართველი ძალის ქმედებით უკმაყოფილოა პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრიც. ანა ბუჩუკური ხელისუფლებას სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემლობაში ადანაშაულებს. 

"პრეზიდენტს დაუმალეს, ალიევის ვიზიტი - ეს არის კიდევ ერთი დადასტურება სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემლობისა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან, მხოლოდ ეს დაადასტურა ამ გადაწყვეტილებამ," - განაცხადა ბუჩუკურმა. 

მთავრობის გადაწყვეტილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური. იგი აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკის წარმმართველი არის მთავრობა.

ცნობისთვის:7 წლიანი პაუზის შემდეგ ილჰამ ალიევი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გვიან ღამით დასრულდა. ილჰამ ალიევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაურმა პირადად გააცილა. მანამდე კი, მცხეთაში, "შატო მუხრანში" უმასპინძლა. გაიმართა პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებაც გაკეთდა.

დღის ამბები