საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო-გამშვებ პუნქტ "სარფში", საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონლის შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მოქალაქემ, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა 15 762 ლარის ღირებულების 12 დასახელების მედიკამენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის რესპუბლიკიდან, მალულად გადმოიტანა დაახლოებით 56 000 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.