27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
იყო თუ არ ხელყუმბარა დაკავებული 35 წლის მამაკაცის, რომელმაც ის მოქმედებაში მოიყვანა - რა ალიბზე საუბრობს ადვოკატი და გაფართოვდება თუ არ დამნაშავე პირთა წრე

ხელყუმბარა, რომელიც 35 წლის მამაკაცმა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ააფეთქა, ამტკიცებს, რომ საბრძოლო საშუალება მისი არ იყო და ტყეში იპოვა. ლევან მარტიაშვილი ირწმუნება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის პოლიციისთვის გადაცემას გეგმავდა, თუმცა მისი გეგმები მისსავე მტკიცებით მოულოდნელმა გარემოებამ შეცვალა. მარტიაშვილი ლაღიძის ქუჩაზე ადვოკატის მტკიცებით, მისთვის უცნობ პირებს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც თავდაცვის მიზნით ხელყუმბარა გახსნა.

აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის თავად ბრალდებულიც. ლევან მარტიაშვილი პოლიციამ შემთხვევიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავა, დღის ბოლოს კი მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა, შენახვისა და ტარების მუხლით წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მარტიაშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ახლა დაცვის მხარე ექსპერტიზის პასუხს ელოდება იმის დასადგენად, თუ ვისი იყო ხელყუმბარა, რომელიც 35 წლის მამაკაცმა, მოქმედებაში ხალხმრავალ ადგილას მოიყვანა. "ლევან მარტიაშვილი თავს იცავდა და მას ვინმეს მოკვლის განზრახვა არ ქონია"- ადვოკატმა ეს პოზიცია დაკავებულის სურვილით გააჟღერა. გიორგი ბარდაველიძე ამტკიცებს, რომ ბრალდებული თავს იცავდა, რადგან მისთვის თავისუფლება უკანონოდ უნდა აღეკვეთათ თავის დაღწევისას კი მამაკაცმა, იურისტის თქმით, სხეულზე მძიმე დაზიანებები მიიღო. ამ ვერსიით, ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, რომ სხვა პირების დანაშაულიც გამოიკვეთოს.

ლევან მარტიაშვილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დროებითი მოთავსების იზოლატორში მას ბრალი უკვე ოფიციალურად გააცნეს, 35 წლის მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

სათვალთვალო კამერები, რომლებიც ლაღიძის 8 ნომერში საკმაოდ ბევრია, პოლიციამ უკვე ამოიღო. მასალაში სავარაუდოდ დეტალურად ჩანს, როგორ დაიწყო კონფლიქტი და ვის შორის. გავრცელებული ვერსიით , ჯერ იყო სიტყვიერი კამათი, შემდეგ გამოძიების ინფორმაციით, ლევან მარტიაშვილმა ხელყუმბარა გახსნა და მიიმალა. რამ გამოიწვია კონფლიქტი ადგილობრივებმა არ იციან, თუმცა გაიგეს ძლიერი აფეთქების, მანამდე კი ჩხუბის ხმა. 

აფექტების შედეგად დაშავებულები ჯერჯერობით, ჰოსპიტალში რჩებიან. როგორც ცნობილია, პაციენტების სურვილით ექიმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.  

დღის ამბები