ნიკა გვარამია სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმე დაასრულა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს თემიდა საქმეზე, რომელზეც გვარამიას 3 წელი და 6 თვე აქვს შეფარდებული. დღევანდელ პროცესზე "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ვრცელი სიტყვით ისარგებლა.
ნიკა გვარამია მოსამართლეებს საკუთარ უდანაშაულობაში არწმუნებდა."რუსთავი2-ის" ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმის განხილვა მისი საათნახევრიანი გამოსვლით დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის მისაღებად სათათბიროდ გავიდა. სხდომის დასაწყისში მხარეებმა რეპლიკით ისარგებლეს, მსჯავრდადებულს მოსამართლეებმა ბოლო სიტყვისთვის მისთვის სასურველი დრო მისცეს.
საქმის ფიგურანტებიდან გვარამიას შემდეგ, პოზიცია მხოლოდ კახა დამენიამ გამოთქვა. ზურაბ იაშვილს ბოლო სიტყვით არ უსარგებლია. ის ერთადერთია, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლოში სწორედ პირველი ინსტანციის განაჩენის გამამართლებელი ნაწილის გამამტყუნებლით შეცვლას ითხოვს ბრალდების მხარე. საპირისპირო მოთხოვნა აქვთ ადვოკატებს. სააპელაციო საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, საკუთარ მოლოდინებზე მხარეებმა დღეს, კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
ნიკა გვარამიას მეუღლე, მეგობრები მედიიდან და ოპოზიციიდან დღეს განაჩენის გამოცხადებას ელოდებოდნენ. მათი შეფასებით, "მთავარი არხის" დამფუძნებელი პოლიტიკური პატიმარია. გვარამიას მხარდასაჭერად სააპელაციო სასამართლოში დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივით, აქცია-პერფორმანსიც მოეწყო.
ოპონენტების განცხადებებს გვარამიას პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაზე აბსურდულს უწოდებს მმართველი გუნდი.
ნიკა გვარამიას "რუსთავი2-ის" ქონებრივი უფლების საქმეზე, საპატიმრო სასჯელი ე.წ. პორშეს ეპიზოდზე განესაზღვრა. მას ბრალდება ტელეკომპანიის საკუთრების პირადი მიზნით გამოყენებას ედავება. შეიცვლება თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი - ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტს.