27 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
7-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს უმასპინძლა - რა განცხადებები გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა

7 წლიანი პაუზი შემდეგ, საქართველოს პრემიერ - მინისრტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს "შატო მუხრანში" უმასპინძლა, აქვე გაიმართა ღარიბაშვილი-ალიევის პირისპირ შეხვედრა.

ორი ქვეყნის ლიდერმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობებს და პარტნიორობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

"შატო მუხრანში" გაკეთდა ერთობლივი განცხადებებიც. მსოფლიოში, რეგიონში არსებული ვითარება, მდგომარეობის დარეგულირება უკრაინაში, აზერბაიჯანი როგორც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ეს პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლის მთავარი აქცენტებია.

საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე საუბრობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ილჰამ ალიევი ამბობს, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. უფრო დაიტვირთება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და ექსპორტისთვის, ბაქო-სუფსის ტერმინალის გამოყენება მოხდება. გეგმაშია ახალი ერთობლივი ენერგო პროექტები.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მსგავსი ვიზიტები ორი მოძმე ერის ურთიერთობების განმტკიცების საუკეთესო შესაძლებლობაა.

რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს როლი აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდერმა ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა, იყოს ინიციატორი, მშვიდობიანი სამეზობლო პოლიტიკის შემუშავების კუთხით. თავის მხრივ ილჰამ ალიევმა, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ჩართვის სურვილი ამჯერად საქართველოდან დააფიქსირა.

სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ, არაფორმალური ნაწილიც მცხეთაში, "შატო მუხრანში" გაიმართა. სტუმრებმა ტრადიციული ქართული კერძების მომზადების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. დელეგაციის პატივსაცემად შესრულდა ქართული ცეკვები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცული აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ფოტო ასლები დაათვალიერეს. "შატო მუხრანში" პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს სადილზეც უმასპინძლა.

ილჰამ ალიევი თბილისში ბოლოს 2015 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იმყოფებოდა. ამჯერადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი, საქართველოში მთავრობის ხელმძღვანელის მოწვევით ჩამოვიდა. 

 

 

 

დღის ამბები