თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. უკვე თქვეს ბოლო სიტყვა ბრალდებულებმა. მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.
საუბარია რუსთავი 2-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის ბრალდებაზე. ამ საქმის ფარგლებში ნიკა გვარამიას პირველმა ინსტანციამ 3 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. კახაბერ დამენიას 50 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი გამართლდა. ფინალურ სხდომას დღეს პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები ესწრებოდნენ.
ნიკა გვარამიამ თქვა, მას თავისუფლება მოსაპოვებელი არ აქვს და იბრძვის არა საკუთარი, არამედ სხვისი და საქართველოს თავისუფლებისთვის.
"მე არ ვუძლებ, მე ვიხდი სასჯელს, სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ეს მაძლიერებს სხვათაშორის, იმის გაცნობიერება, რომ ეს მე არ მეკუთვნის. მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, ვიბრძვი სხვისი თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის.
საზოგადოებას მოვუწოდებ, თავისი სიტყვა თქვას და საზოგადოება არ შედგება მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. მე მინდა ყველას ვთხოვო, რომ აღმატებით ტონალობაში იმაზე საუბარს თუ როგორ ვუძლებ მე, ჯობია ვიფიქროთ იმაზე, ვისაც გასაძლები არ აქვს და თავისუფალია, ის რას აკეთებს ამ დროს," - განაცხადა გვარამიამ.