27 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები მზიურის პარკის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ - მათ უკვე უპასუხეს საკრებულოდან

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები მზიურის პარკის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, კორპუსი დარღვევებით შენდება.

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები ამბობენ, საქმე გვაქვს სავარაუდო კორუფციულ ინტერესებთან და ყალბ სამშენებლო საექსპერტო დასკვნასთან. 

"თბილისის მერიის მიერ გაცემულ ნებართვას აქვს ხარვეზები, ეს არის ქაოტური განაშენიანების და ურბანული კატასტროფის ნათელი მაგალითი. საფრთხე ემუქრებათ ატენის მაცხოვრებლებს, ავარიულ კორპუსებს. აქ არის ამორტიზებული საბჭოთა კორპუსები. თვითონ მშენებლობა შემოჭრილია მზიურის ტერიტორიაზე, რეკრეაციულ სივრცეში, ფაქტობრივად სამშენებლო მოედნად გადააქციეს მზიური. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის უკან დგას მაღალი თანამდებობის პირების კონკრეტული კორუფციული ინტერესები," - განაცხადა ანტიკორუფციული მოძრაობის წევრმა, ლაშა ფარულავამ.

ბრალდებებს უპასუხეს საკრებულოში. საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე ამბობს, რომ 2011 წელს ამ კონკრეტულ ნაკვეთზე გაცემული მშენებლობის უფლების მოცულობა დღევანდელმა მუნიციპალიტეტმა ორჯერ შეამცირა. სოხაძის თქმით, ნებართვა კანონმდებლობის სრული დაცვით არის გაცემული.

"2011 წელს, მაშინდელმა მერმა, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, მე შემიძლია განახოთ ბრძანებულება, სადაც ჩანს, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემულია 10 და 0 კოეფიციენტი, ვისაც მშენებლობა ესმის კარგად მიხვდება, თუ რა მოცულობაზე არის საუბარი. დღევანდელი მუნიციპალიტეტის დიდი ძალისხმევის შედეგად, ის მოცულობა რაც თავის დროზე იყო დამტკიცებული ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე - განახევრდა და მხოლოდ შემდგომ გაიცა სამშენებლო ნებართვა. ნებართვა არის გაცემული კანონმდებლობის სრული დაცვით და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ორჯერ შემცირება, ანუ ორჯერ შემცირდა ის მოცულობა რაზეც 2011 წელს იყო მშენებლობის ნებართვა გაცემული. 

თუ რაიმე სამუშაოები ნაწარმოებია უკანონოდ, ამას აუცილებლად შეისწავლის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები," - განაცხადა სოხაძემ.

დღის ამბები