27 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
"ხალხის ძალა" ფართოვდება - საზოგადოებრივი მოძრაობის რიგებს 200-მდე ახალი წევრი შეემატა

"ხალხის ძალა" ფართოვდება - საზოგადოებრივი მოძრაობის რიგებს 200-მდე ახალი წევრი შეემატა. 100-ზე მეტი ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს წევრია, ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მთავარი მიზანი დამფუძნებლების განცხადებით, ქვეყნისთვის რისკების თავიდან აცილებაა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დარეჯან ბურჭულაძის თქმით, მისი მუნიციპალიტეტის განწყობის მიხედვით, მოძრაობა მალე კიდევ უფრო გაფართოვდება. 

"ჩვენ არ ვართ ანტიდასავლური, ანტიამერიკული ძალა, ჩვენ ვართ ეროვნული ძალა, რომელსაც გვინდა დიდ ევროპულ ნაბიჯში ჩვენმა ერმა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი, რაც მას ისტორიულად ეკუთვნის. ვიმედოვნებ და უკვე მჯერა, ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე რომ ჩვენ მალე ძალიან ბევრი ვიქნებით, მართალი სიტყვა და ხალხის ძალა გაიმარჯვებს," - განაცხადა ბურჭულაძემ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი კვახაძის თქმით, მცხეთა უერთდება "ხალხის ძალას", იმიტომ, რომ ხალხს უნდა უთხრან სიმართლე. კვახაძის თქმით, მოძრაობას მალე უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მათი ერთობა მომხრეა დასავლური და ევროპული ღირებულებების, თუმცა მისი თქმით, ყველაფერი უნდა მოხდეს ქართული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.

"ბევრი ახსნა-განმარტებები ჩვენ საზოგადოებისთვის არ დაგვჭირვებია, იმიტომ რომ როდესაც ჩავდიოდით რეგიონებში პრაქტიკულად საზოგადოება მომზადებული იყო და იმ ტექსტებით გვესაუბრებოდა, რომელიც შეეფერება საქართველოს საზოგადოებას და რამ გამოიწვია ეს - ეს გამოიწვია სწორედ იმან, რომ ჩვენ სწორად და საჭირო იარაღით შევაიარაღეთ საზოგადოება.

პრაქტიკულად თავიდან იქნა აცილებული მეორე ფრონტის საკითხი, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ არ არის ეს რისკი გამქრალი და მეტიც, უფრო მეტი შემოტევა ხდება, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით და ამაში გვჭირდება საზოგადოების და ახლა უკვე ჩვენი შემოერთებული წევრების დახმარება. 

ყველასთან გვინდა სტრატეგიული ურთიერთობა, გვინდა დასავლური, ევროპული ღირებულებითი ნაწილი ევროპულ ოჯახში, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს საქართველოს, ქართული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით," - აცხადებს მაჭარაშვილი.

დღის ამბები