შიდა ქართლის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა და სოფლები, რომლებშიც სულ 4-5 ოჯახია დარჩენილი-მდინარე თეძამის გარშემო მოსახლეობის მიგრაცია ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაიწყო, რის შედეგადაც ბევრი სოფელი უბრალოდ ნასოფლარად იქცა. თუმცა მაინც არიან ისეთები, რომლებიც საკუთარი მიწიდან წასვლას არ აპირებენ და მეურნეობასაც უძღვებიან.
მთელს ხეობას გარშემო მთებიდან რამდენიმე ციხე დაჰყურებდა, რომლების ნაშთებიც დღემდეა შემორჩენილი. ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული დრისის ციხეა, რომელიც მაღალ კლდეზეა აგებული. თავის დროზე დრისის ციხემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მიხაი ზიჩზე და სწორედ მის მიხედვით დაიხატა ქაჯეთის ციხის ცნობილი ილუსტრაციაც. ადგილმდებარეობის გამო აქ ხშირი იყო მტრის შემოსევა. სწორედ ეს გახდა მოსახლეობის პირველი მიგრაციის მიზეზიც.
ზამთარი მოდის და აქ დარჩენილებმა იციან, რომ სოფლიდან წასულ ოჯახის წევრებს მომავალ ზაფხულამდე ვერ ნახავენ. თუმცა ისინი ვინც არ წავიდა, ერთმანეთის იმედად არიან დარჩენილი.
ასე ცხოვრობენ თეძამის ხეობის სოფლებში. ერთადერთი რაც მათ ამშვიდებთ ისაა, რომ აქ ზამთარი არც ისე მკაცრია, ზაფხულის დადგომისთანავე კი ქალაქებში გადასულ ოჯახის წევრებიც დაუბრუნდებიან.
ავტორი: გიორგი ქორქია