27 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
1376 ავტოსაგზაო შემთხვევა 9 თვეში - რატომ უწოდებენ გომბორის უღელტეხილს "შავ წერტილს" და რა ალტერნატიულ გზაზე მიმდინარეობს მუშაობა

ავტოავარიების რაოდენობით საქართველოში პირველ ადგილზე თბილისია, ვინაიდან დედაქალაქში ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით არსებობს რამდენიმე ადგილი, რომელსაც შავ წერტილს უწოდებენ. ეს არის ისეთი ადგილები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.

ერთ-ერთი ასეთია გომბორის უღელტეხილი. გზა, რთული რელიეფის გამო, განსაკუთრებით საშიშია ცუდი ამინდის დროს. ამიტომ ხშირად თბილისი-გომბორი-თელავის გზას კეტავენ. კახეთის მიმართულებით ალტერნატიული, უფრო ხანგრძლივი გზაც არსებობს, თუმცა ავარიები აქაც არც თუ ისე იშვიათია. კახეთის რეგიონში გასული 9 თვის განმავლობაში 1376 ავარია მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, დროს და მანძილს შეამცირებს ახალი გზა, რომელიც კახეთის მიმართულებით შენდება. საუბარია 85 კილომეტრიან 4 ზოლიან მაგისტრალზე, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავში გადაადგილება 1 საათით შეგვიმცირდება.

85 კილომეტრიანი გზა თელავის მიმართულებით- ეს არის პროექტი, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება კახეთში. ლილოს დასახლება, სწორედ აქედან იწყება ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი კახეთის მიმართულებით. პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან თელავში მგზავრობა ერთი საათით შემცირდება. ამ ეტაპზე სამუშაოები, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე მიმდინარეობს.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალი 35 კილომეტრიანი იქნება. მშენებლობა 3 მონაკვეთად არის დაყოფილი – ეს არის ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს კვანძი და საგარეჯოს შემოვლითი გზა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია. გზის ამ მონაკვეთის დასრულების შედეგად გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად მცირდება.

კახეთის რეგიონში, უკვე დასრულდა ბაკურციხე-თელავი-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობა. ეს არის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი. ახალი გზით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ უწევს გავლა გურჯაანში და მუნიციპალიტეტის 6 სოფელში.

აღმოსავლეთ საქართველოში პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავში გადაადგილება, 2 საათნახევრის ნაცვლად, საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი. ახალი მაგისტრალი უნიკალურობას შეიძენს და დედაქალაქს კახეთის უძველეს ქალაქთან უმოკლეს დროში დააკავშირებს.

დღის ამბები