27 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
სანქციების ფონზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ახალ, დაბალ საფეხურზე ჩამოვიდა - უცხოური მედია

სანქციების ფონზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ახალ, დაბალ დონეზე დავიდა ,- გამოცემა "ევრაზიანეტი" საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უკრაინული მხარის მიერ სანქცირების ფონზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა "ახალ, დაბალ დონეზე" დავიდა. 

ავტორი წერს, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯით აღშფოთებულია და მიიჩნევს, რომ ამ მისი რეალური მიზეზი არის ის, რომ უკრაინის სხვადასხვა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მოუწოდეს თბილისს, გახსნას მეორე ფრონტი. 

"ევრაზიანეტი" "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას აქვეყნებს, სადაც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ კიევი ცდილობდა მათ "დაშანტაჟებას" მეორე ფრონტის გასახსნელად

"ეს არის გაგრძელება ცალმხრივი მეგობრობის, რაც ძალიან მძიმე და სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ უნდა დავრჩეთ უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, უკრაინელი ხალხისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნის გულისთვის," - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ივანიშვილს პრორუს ოლიგარქად მოიხსენიებენ, ღიად აიღეს სანქციების ადვოკატირება. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მოუწოდებს კიევს, სანქციების შემდეგ პაკეტში თავად ბიძინა ივანიშვილიც იყოს. 

უცხოური მედია წერს, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ყოფილი ჩინოვნიკის ყოფნა უკრაინის მთავრობაში, წლების განმავლობაში წარმოადგენდა თბილისსა და კიევს შორის უთანხმოების მთავარ წყაროს.

"მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაკარგეს ძალაუფლება 2012 წელს, ბევრი მაღალი თანამდებობის პირი უკრაინაში გადავიდა; ბევრი რჩება იქ მაღალ თანამდებობებზე.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, რომელიც სათავეში 2012 წელს მოვიდა, რამდენიმე მათგანს სისხლის სამართლის პასუხისგება დააკისრა, ზოგიერთი კი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. ყველაზე ცნობილი იყო თავად სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 2021 წლის სექტემბერში დაბრუნდა და სწრაფადვე დააკავეს; მას შემდეგ ის ციხეშია," - წერს გამოცემა. 

გამოცემა ასევე წერს, რომ როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ყოფილი ჩინოვნიკი, ევროპის საბჭოს, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შეიყვანეს, ამან კიდევ ერთხელ გამოიწვია გაღიზიანება.

"ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი და ფიგურა იყო, რომელიც დაკავშირებულია იმ წლებში ადამიანის უფლებათა ყველაზე მძიმე დარღვევასთან. იგი დაუსწრებლად გაასამართლეს საქართველოში მრავალჯერადი ძალადობის ბრალდებით. ასე რომ, ოფიციალურმა პირებმა მკაცრი რეაგირება მოახდინეს, როდესაც ის ნახეს, როგორც უკრაინის წარმომადგენელი, ახლა კი როგორც უკრაინის მთავარი პროკურორის თანაშემწე ევროპის საბჭოში," - ნათქვამია სტატიაში.

 

დღის ამბები