27 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
აფეთქება თბილისის ცენტრში - რა მოხდა ლაღიძის ქუჩაზე  და რას აცხადებენ თვითმხილველები

დღეს, თბილისის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ლაღიძის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, აფეთქებას თან ახლდა ჩოჩქოლი და ჩხუბის ხმაც.

"ხმა გავიგეთ აფეთქების და რომ გავიხედეთ ფანჯარაში, რაღაც ჩხუბი და ჩოჩქოლი იყო. ერთხელ იყო საკმაოდ ძლიერი ხმა," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

თვითმხილველების თქმით, დაშავებულთა შორის არის გამვლელიც:

"მგონი ერთმა ესროლა მეორეს და ჰაერში აფეთქდა, კონკრეტულად იმას არ მოხვდა, ვისთვისაც გამიზნული იყო. გამვლელიც დაშავდა," - აცხადებს ადგილზე მომუშავე პირი.

დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკებში კომენტარი არ კეთდება, თუმცა "რუსთავი2-ის" ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ლაღიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. დაშავებულია 3 პირი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) დაიწყო.

დღის ამბები