რუსული აგრესიის მსხვერპლი მხოლოდ ქართველი მებრძოლები არ არიან. ვლადიმერ პუტინი უკან არ იხევს, რაც ტრაგიკულ სტატისტიკაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება. გაერომ დათვალა და დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 6 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია, რადგან მიმდინარე ბრძოლის ფონზე, ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია.
ამ სირთულეს კი ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება ქმნის. ომში მყოფი ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღეს, დილით რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 6 სარაკეტო იერიში მიიტანეს, მათ შორის არის როგორც კიევის, ასევე ხმელნიცკის ოლქი.
პარალელურად უკრაინამ დაადასტურა ინფორმაცია ანტონოვკის ხიდზე თავდასხმის შესახებ.
ყველაზე საყურადღებო ახლა ბუნებრივია რომ არის კაჰოვკის ჰიდროელექტროსადგური. ამ ჰესის აფეთქების მცდელობაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. უკრაინული მხარე საუბრობს იმის შესახებ რომ ჰესი დანაღმულია რუსული ძალების მხრიდან. უკრაინა ჰიდროელექტროსადგუს მისამართით დიდი ყურადღების მიპყრობას ითხოვს, რადგან თუკი მოხდება აფეთქება წყლით დაიფარება ძალიან დიდი ტერიტორიები და მოსახლეობას საფრთხე დაემუქრება.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ხარკოვის ოლქში; დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა 5 სარაკეტო და 19 საჰაერო დარტყმა. მტერს არ ჩაუტარებია აქტიური შეტევა ნოვოპავლოვსკის და ზაპორიჟიას მიმართულებით. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა ქალაქი ხერსონი. დასახლებაში დარჩენილი რუსი ოკუპანტები სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და მიტოვებულ სახლებში გადადიან. მტერი ხერსონს, ქუჩის ბრძოლებისთვის ამზადებს. მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის ოლქის ნოვაია კახოვკას რაიონში, ოკუპანტებისა და მტრის ტექნიკის სარემონტო ბაზაზე იერიში მიიტანეს. თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში 16 დარტყმა განახორციელა. დადასტურდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის სამი დასაყრდენი და ათი ტერიტორიის, ასევე მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამი პოზიციის განადგურება," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.
პარალელურად ზელენსკი საუბრობს, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით რუსეთი პროცესს აჭიანურებს და ხელოვნურად აყოვნებს უკრაინულ ხომალდებს შავ ზღვაში. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ირანულ დრონებთან დაკავშირებითაც.
"მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. რუსეთი სრულიად შეგნებულად ამწვავებს სასურსათო კრიზისს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასობით ათასი ადამიანი გახდეს იძულებითი მიგრანტი, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელნი იქნებიან იმავე თურქეთში ან ევროპის კავშირის ქვეყნებში, ან შიმშილით დაიხოცებიან. ჩვენ კი პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხლოლოდ შევინარჩუნოთ მარცვლეულის ინიციატივა, არამედ მოქმედებდეს კიდეც 100 პროცენტიანი სიმძლავრით ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად განვიხილეთ საკითხი, თუ რა ანტი-ევროპულ და ანტი-დემოკრატიულ ქმედებებს უნდა ველოდოთ რუსეთისგან. განვიხილეთ ასევე რუსული ტერორი, რომელსაც ირანული იარაღის მიწოდების გზით ახორციელებს. ებიარდი უკვე ეხმარება უკრენერგოს ფინანსურად. დღის განმავლობაში უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ჩვენმა დამცველებმა დრონებისა და მტრის თვითმფრინავების გარკვეული რაოდენობის ჩამოგდება მოახერხეს. აქტიური საომარი მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გრძელდება," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
გუშინ ბრიუსელმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად კიევში მინიმუმ 1.5 მილიარდი ევრო გადაირიცხება. დახმარებას დასავლეთი აგრძელებს ომის პროცესში გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე.