27 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისის მეორე დღეა, ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ კონსერვატიული პარტია წელს უკვე ახალი პრემიერ-მინისტრის ასარჩევად მესამედ ემზადება

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისის მეორე დღეა, ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ კოსერვატიული პარტია წელს ახალი პრემიერ-მინისტრის ასარჩევად უკვე მესამედ ემზადება. ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც ამ დროისთვის ღიად განაცხადა, რომ მზად არის ინგლისის ახალი პრემიერი გახდეს, თემთა პალატის ლიდერი პენი მორდაუნტია.

განიხილება ყოფილი ფინანსთა მინისტრის რიში სუნაკის კანდიდატურაც, ისვე როგორც ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის.

სკანდალური განცხადებებითა და ქმედებებით ცნობილი პოლიტიკოსი კარიბის კუნძულებიდან ნისლიან ალბიონზე მორიგი პოლიტიკური გამარჯვების მოსაპოვებლად ბრუნდება. ბრიტანულმა მედიამ კი დღეს ბორის ჯონსონის გადადგომის წინ ნათქვამი სიტყვები გაიხსენა - ესპანურად ნათქვამი "შეხვედრამდე", შესაძლოა ბრიტანელებს ერთ კვირაში აუხდეთ.

ვინ იქნება ბრიტანეთის წელს უკვე მესამე პრემიერი? პარტია 6 კანდიდატს განიხილავს, მათგან სამს აქტიურად. მათ შორისაა თემთა პალატის ლიდერი პენი მორდაუნტი, რომელმაც პირველმა დააფიქსირა, რომ ბრძოლაში შედის. სიმპატიბით უყურებენ პარტიაში - ფინანსთა ყოფილ მინისტრს - რიში სუნაკსაც, რომელიც წინა არჩევნებში ლიზ ტრასის მთავარი მეტოქე იყო. და რაც მთავარია ჯერ არ დავიწყებული ბორის ჯონსონი, რომელსაც უკვე ჰყავს მხარდამჭერები, მათ შორის ბენ ვალისის სახითაც, რომელმაც ზუსტად იცის რომ პრემიერობა არ უნდა.

ბორის ჯონსონმა კარიბის კუნძულებზე შვებულება უკვე შეწყვიტა და ლონდონში გაემართა. მართალია მის დაბრუნებას ბევრი ითხოვს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სულ ახლახან სწორედ იმიტომ გადადგა, რომ პარტიის აზრით დაკისრებულ მოვალეობებს ვერ გაართვა თავი. იმისათვის, რომ კონკრეტული კანდიდატი კენჭისყრაზე წარსდგეს, სულ მცირე 100 კონსერვატორის ხმაა საჭირო. კანდიდატები ორშაბათს, დღის 2 საათამდე დასახელდება, ვიდრე ქვეყნის ახალი პრემიერის არჩევაზე დაიწყება მსჯელობა, რაც 28 ოქტომბრამდე უნდა მოესწროს. კონსერვატორებს სურთ შიდაპარტიული არჩევნებით შემოიფარგლონ, თუმცა ოპონენტები უკვე  საყოველთაო არჩევნების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების ნაწილის ხმები კენი ბედენოკსა და სუელა ბრავემენსაც აქვთ, თუმცა არცერთ მათგანს ჯერ არ დაუდასტურებია რომ ქვეყნის მთავარი სამსახურის მისაღებად ბრძოლაში ჩაბმას გეგმავენ. ბიგ ბენი კი იცდის - მომდევნო კვირას, ამ დროს ბრიტანეთს ახალი პრემიერი უნდა ჰყავდეს.

დღის ამბები