"ღვინის დღეები საქართველოში" დასკვნითი კვირეულისთვის ემზადება. დასკვნითი ღონისძიებისთვის ორგანიზატორები ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლის ეზოს ამზადებენ. უკვე დამონტაჟებულია სცენა, სადაც საფესტივალო დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართება, თუმცა მანამდე, დადიანების სასახლეში მისულ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ათობით სახეობის საუკეთესო ქართული ღვინოების დაგემოვნება შეეძლებათ.
ღვინის ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებებისთვის ზუგდიდის გარდა, კიდევ 5 ქალაქი ემზადება.
მასპინძლობისთვის უკვე მზადაა ყვარელი, გურჯაანი, ბოლნისი, ახმეტა და ბაღდათი. ხვალ და ზეგ ქართული უნიკალური ღვინოების მოყვარულებს დეგუსტაციის გარდა მათი შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ.
ფესტივალი, რომელიც წელს საქართველოს მასშტაბით პრემიერ- მინისტრის ინიციატივით პირველად ტარდება, დასასრულს უახლოვდება. ღონისძიებამ დედაქალაქთან ერთად, 25 ლოკაცია მოიცვა. ღვინის 8000 წლიანი უწყვეტი ისტორია კი ღვინის სამშობლოში გრძელდება.