27 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ტურიზმი საქართველოში ისევ წამყვანი სფეროა - მიმდინარე წლის სექტემბერში უცხოელი ტურისტების შემოსვლის შედეგად ბიუჯეტმა 375 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო

ტურიზმი საქართველოში ისევ წამყვანი სფეროა - მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბერში უცხოელი ტურისტების ქვეყანაში შემოსვლის შედეგად ბიუჯეტმა 375 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ტურიზმის სფეროდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ პერიოდში არსებულ მონაცემებს გადააჭარბა.

სტატისტიკის თანახმად, მეზობელი ქვეყნების გარდა, ყველაზე დიდი თანხა საქართველოში ევროკავშირის წევრი და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან ჩამოსულმა მოგზაურებმა დახარჯეს. ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია იმედს იტოვებს, რომ შემოსავლები გაიზრდება ზამთრის პერიოდშიც, ვინაიდან ქვეყნის სათხილამურო კურორტები უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ტურისტების სიმრავლე დედაქალაქში პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოგზაურები "კურიერის" კამერასთან საუბრობენ საქართველოზე, როგორც გამორჩეულ და ტურისტულად საინტერესო ქვეყანაზე.

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 375 მილიონ დოლარს გადააჭარბა. სტატისტიკური მონაცემები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 2022 წლის სექტემბერში მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ, 2019 წლის მაჩვენებელს უკვე მესამედ გადააჭარბა.

ტურისტების მაღალი ნაკადი შესამჩნევია სასტუმროებისთვისაც - მათი მფლობელები და მენეჯერები ამბობენ, რომ გაიზარდა როგორც საქმიანი ტურისტების, ასევე საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული მოგზაურების რაოდენობაც.

ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ არსებული მონაცემები სამომავლოდ პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის, უწყების ინფორმაციით, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით საქართველომ ტურიზმიდან 2.5 ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში, გასულ თვეებთან შედარებით აღდგენისა და განვითარების ტემპს ინარჩუნებს.

დღის ამბები