27 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
დეპუტატებმა სახალხო დამცველობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინონ - პარლამენტი ახალი ომბუდსმენის არჩევის პროცესს იწყებს

ვადა ამოიწურა - სახალხო დამცველის 19-ვე კანდიდატი პარლამენტში უკვე ოფიციალურად დასახელებულია. დეპუტატებმა თითოეულს ინდივიდუალურად კომიტეტების ფორმატში უნდა მოუსმინონ. თავად კანდიდატები სწორედ ამ პროცესს ელოდებიან. 

უკვე ცნობილია ის კანდიდატებიც, ვის მხარდაჭერასაც ოპოზიციის ერთი ნაწილი გეგმავს. ისინი ნდობას მესამე სექტორის მიერ რეკომენდირებულ პირებს უცხადებენ - ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს, თუმცა, კონკრეტულად რომელ კანდიდატს ექნება მათი საბოლოო თანხმობა, ჯერ უცნობია.

19-ვე კანდიდატს შანსი "მოქალაქეებმა" მისცეს და პარლამენტს ყველა ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, თუმცა ამ 19-იდან ვის ექნება მათი 2 ხმა, უცნობია - გადაწყვეტილებას პარტიის წევრები საკომიტეტო განხილვების შემდეგ მიიღებენ. 3 კანდიდატი დაასახელა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ოფიციალური განაცხადით პარლამენტს ფრაქციის თავმჯდომარემ დღეს მიმართა.

საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს "ქართულ ოცნებას". მათთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი საკომიტეტო განხილვები იქნება. მმართველ პარტიას ჩამოყალიბებული აქვს ის კრიტერიუმებიც, რის საფუძველზეც სესიაზე 1 კანდიდატს მხარდაჭერას გამოუცხადებს, მათ შორის, დამოუკიდებლობა, ობიექტურობა და აპოლიტიკურობა. სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, აქამდე სახალხო დამცველის კანდიდატების დასახელების პროცესი გამჭვირვალედ და ღიად მიმდინარეობდა, თუმცა, მათივე თქმით, ამ საკითხის გარშემო არსებობს გარკვეული რისკებიც.

მოქმედ სახალხო დამცველს ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება. სწორედ ამ დრომდე უნდა მოხდეს ახალი ომბუდსმენის დანიშვნა. სახალხო დამცველს პარლამენტი ამტკიცებს, მას თანამდებობაზე დასანიშნად 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა, ამ რაოდენობის ხმები დღეს საკანონდებლო ორგანოში არცერთ პარტიას არ აქვს.

დღის ამბები