ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში რჩება - მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მხოლოდ ბრალდების შუამდგომლობა გაითვალისწინა და 13 წლის მოზარდის დაღუპვაში ბრალდებულების არც ერთი არგუმენტი არ მიიღო, მათ შორის არც ის, რომ საპატიმროს გარეთ ყოფნის შემთხვევაში ისინი გამოძიებას ხელს არ შეუშლიდნენ, არ მიიმალებოდნენ და არც მტკიცებულებებს გაანადგურებდნენ.
4 საათიანი სხდომის განმავლობაში კომპანია "გრინსერვის პლიუსის" ხელმძღვანელი იმასაც ამტკიცებდა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ის სამეწარმეო საქმიანობას არ განახორციელდა, თუმცა ლაშა ფურცხვანიძეს მოსამართლემ არც ამ შემთხვევაში დაუჯერა. ახლა დაკავებულების ადვოკატები სააპელაციო სარჩელს ამზადებენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას მეორე ინსტანციაში შეეცდებიან.
წარდგენილ ბრალდებაზე "გრინსერვისის" ხელმძღვანელს სასამართლო პროცესზე არაფერი უთქვამს. "გრინსერვის პლიუსის" ხელმძღვანელის მიმართვის შემდეგ სასამართლო ტრიბუნა კომპანიის თანამშრომელმა დევი კოხოიძემ დაიკავა და თქვა, რომ მისი პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა. დანარჩენი შვიდი პირის პოზიციას, მათი ადვოკატები აჟღერებდნენ.
ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებაზე მოსამართლის დარწმუნებას ცდილობდნენ ადვოკატებიც. საპირისპიროს ამტკიცებდა პროკურატურა.
მოსამართლემ მხოლოდ ბრალდების მხარის არგუმენტებით იხელმძღვანელა და ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირი 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მიხეილ ჯინჯოლიამ მიიჩნია, რომ დაკავებულების გათავისუფლებას შესაძლოა დანაშაულის განმეორებით ჩადენა მოჰყოლოდა.
გიორგი ვახტანგაშვილის ინტერესების დამცველი მოსამართლის გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს. ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ რისკები, რომლებზეც ბრალდების მხარე აპელირებდა და შემდეგ უკვე მოსამართლემ გაითვალისწინა, საფუძველს მოკლებულია.
აღკვეთი ღონისძიების გაუქმებაზე სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ სხვა ადვოკატებიც. ინტერესების დამცველები მიიჩნევენ, რომ ბრალდებულები გათავისუფლების შემთხვევაში გამოძიებას ხელს ვერ შეუშლიდნენ. მათი არგუმენტია, რომ დაკავებამდე ისინი პოლიციაში თითქმის ყოველდღე მიდიოდნენ და ჩვენებებს აძლევდნენ.
სანამ დაცვის მხარე დაკავებულების უდანაშაულობას დაამტკიცებს, მანამდე მოპოვებულ მტკიცებულებებზე პროკურატურა საუბრობს. ბრალდების მხარემ 4 საათიანი სასამართლო სხდომით ისარგებლა და კიდევ ერთხელ განმარტა რის გამო დააკავეს სამართალდამცველებმა 18 ოქტომბერს 9 პირი. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ თუ პასუხისმგებელი პირები არ გამოიჩენდნენ გულგრილობას, 13 ოქტომბერს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა.
ამ ეტაპზე განაჩენს ცხრა პირი ელოდება, თუმცა საგამოძიებო უწყება არ გამორიცხავს, რომ დამნაშავე პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. სამართალდამცველებმა უკვე ჩაატარეს 100-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება.
მთავარ კითხვაზე - რატომ არ ჩაირთო გაჟონვის რელე, რომელსაც წყლით სავსე აუზში ელექტროენერგია უნდა გაეთიშა, პასუხს უახლოეს მომავალში სამხარაულის ეროვნული ბიურო გასცემს.