27 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
პოლიტიკური შანტაჟის კიდევ ერთი მცდელობა საქართველოს ომში არ ჩართვის გამო - ასეთია ოფიციალური თბილისის პასუხი კიევის გადაწყვეტილებაზე

პოლიტიკური შანტაჟის კიდევ ერთი მცდელობა საქართველოს ომში არ ჩართვის გამო - ასეთია ოფიციალური თბილისის პასუხი კიევის გადაწყვეტილებაზე, სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის უახლოესი გარემოცვის წევრები შეიყვანოს. საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წევრები თვლიან, რომ ის, რასაც ახლა უკრაინა მეგობარ საქართველოსთან მიმართებაში აკეთებს მხოლოდ ერთ მიზანს - ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ემსახურება.

უკრაინა რუსეთის შემდეგ ერთადერთი სახელმწიფო გახდა მსოფლიოში, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები შავ სიაში შეიყვანა და სანქციები დაუწესა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილს, მის მეუღლეს, დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილსა და მის შვილს. უკრაინასთან ერთად სანქციების გამო კმაყოფილებას ახლა მხოლოდ ქართული ოპოზიციის ნაწილი გამოხატავს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია კი, რომლის ძებნილ წევრებს უკრაინა რიგ-რიგობით აწინაურებს, არ გამორიცხავს, რომ კიევის კვალდაკვალ სანქციებს ვაშინგტონი და ბრიუსელიც შეუერთდება.

საქართველოს 7 მოქალაქის სანქცირებულთა სიაში შეყვანა ოფიციალური თბილისისთვის 2 ქვეყანას შორის ურთიერთობაში არამეგობრული ნაბიჯია. სახელისუფლებო გუნდი ამ დრომდე ითხოვს მტკიცებულებებს - რა მიზეზებით მოხვდნენ ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე და უჩა და ტიტე მამაცაშვილები ზელენსკის ხელმოწერილ სანქცირებულთა სიაში. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის გარდა, შეზღუდვები 3 ქართველ ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეებსაც შეეხო. გადაწყვეტილების მიღმა ქართული მხარე ფაქტებზე მეტად პოლიტიკურ სვლას ხედავს.

შანტაჟის მცდელობაზე საუბრის დროს სახელისუფლებო გუნდს მთავარ არგუმენტად არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადება მოჰყავს. არქივი ინახავს უკრაინელი პოლიტიკოსების მიმართვებს, რომელშიც თავად ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოს "ისტორიული შესაძლებლობის" გამოყენებისკენ მოუწოდებდნენ.

უკრაინელი მაღალჩინოსნების ღია მოწოდებების იგნორირებას უკავშირებენ მმართველ პარტიაში 19 ოქტომბერს ხელმოწერილ განკარგულებას. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში სანქცირებულთა სიაში საქართველოს მოქალაქეების შეყვანას კიევის შურისძიებას უწოდებენ.

უკრაინის მხრიდან შანტაჟს და შურისძიებას გამორიცხავენ ოპოზიციურ პარტიებში და მოლოდინი აქვთ, რომ შესაძლოა სანქცირებულთა სია გაფართოვდეს. სახელისუფლებო გუნდის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ აგრესიაში საქართველოს ჩართვის საფრთხეზე საუბარს კი საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მცდელობას უწოდებენ.

ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც სანქციების და სანქცირებულთა სიის გაზრდის მოლოდინში არიან, მმართველი პარტია ურჩევს პოლიტიკურზე წინ სახელმწიფოებრივი ინტერესი დააყენონ.

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრის და 3 ბიზნესმენის სანქცირებულთა სიაში შეყვანას პოლიტიკური პარტიების ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" მუშაობის შედეგს უწოდებს. ნაწილისთვის კი ეს რუსეთის ინტერესებით მოქმედებას ჰგავს.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას დაუსაბუთებელს და უარგუმენტოს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო გუნდი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საქართველოს მოქალაქეები სანქცირებულთა სიაში რუსეთის შემდეგ მხოლოდ უკრაინას ჰყავს შეყვანილი.

საქართველოს 7 მოქალაქე უკრაინამ სანქცირებულთა სიაში უშიშროების საბჭოს ინიციატივით შეიყვანა. დოკუმენტს ხელს ვოლოდიმირ ზელენსკი აწერს, სია საკმაოდ ვრცელია და 3 600 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს.

დღის ამბები