27 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით უდანაშაულოა - ნელი დოროყაშვილის ადვოკატის შეფასებით, ეს განაჩენი ქალთა უფლებების პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯია

ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ საბოლოო განაჩენი დღის ბოლოს გამოაცხადა. მეუღლის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი სასამართლომ ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლემ დეტალურად განმარტა, თუ რის საფუძველზე მიიღო გამამართლებელი განაჩენი. ხათუნა ხარჩილავას განცხადებით, გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოსამართლის განმარტებით, საქმეში არსებული ვიდეო მასალით გაირკვა, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან.

რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ ვერც ეკონომიკური ძალადობის ფაქტი დაადგინა. მოსამართლემ დარბაზშივე ისიც განმარტა, თუ რა მტკიცებულებებით იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღების დროს.

მოსამართლის განაჩენით კმაყოფილია ნიკოლოზ ბასილაშვილი. მისი თქმით, ის უდანაშაულოა, რაც დღეს სასამართლომ ოფიციალურადაც დაადასტურა. ჩოგბურთელი მიიჩნევს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ცრუ დასმენის მსხვერპლია.

განაჩენს არ ეთანხმება დაზარალებული მხარე. ნეკა დოროყაშვილი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, თუმცა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განაჩენი მისმა ადვოკატებმა შეაფასეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მოსამართლემ ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესები ვერ დაიცვა. ადვოკატები ცნობილი სპორტსმენის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.

განაჩენს არ ეთანხმება ბრალდების მხარე. პროკურატურა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას ვერდიქტს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურორის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენისთვის საქმეში არსებობდა ყველა მტკიცებულება.

ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ წინასწარი აღკვეთ ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო 24 მაისს შეუფარდა. დღევანდელი გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე ეს თანხა ცნობილ ჩოგბურთელს უკან დაუბრუნდება

დღის ამბები