27 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
"ბრალდების მხარეს დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში" - საქმის პროკურორი

ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, ბრალდების მხარე მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება და განაჩენს გაასაჩივრებს.

საქმის პროკურორის ნათია გურულის განცხადებით, სასამართლომ ობიექტურ მტკიცებულებებს სუბიექტური შეფასება მისცა და ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა.  

"ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს, მიმაჩნია, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში და ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა. ბრალდების მხარე, როგორც აღვნიშნე, კატეგორიულად არ ეთანხმება გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ჩვენ ჩავიბარებთ განაჩენს და წერილობით არგუმენტაციას, რასაც არ ვიზიარებთ და ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს განაჩენს.

ბრალდების მხარე არც იმ გარემოებას არ ეთანხმება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, ჩვენ სასამართლოს არგუმენტირებული პოზიცია მოვახსენეთ, თუმცა სასმართლომ ობიექტური მტკიცებულებებს სუბიექტური შეფასება მისცა და ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა," - განაცხადა პროკურორმა ნათია გურულმა.

 

დღის ამბები