რა შედეგებით დასრულდა ევროკავშირის ორდღიანი სამიტი - განხილვის საგანი ძირითადად ორი თემა იყო. ბრიუსელში ენერგეტიკასა და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
გაზის თემასთან დაკავშირებით, კომისიამ 27 ლიდერს საგზაო რუკა წარუდგინა და როგორც ირკვევა, შეთანხმება შედგა, რომელზეც სამშაბათს უკვე ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები იმსჯელებენ.
რაც შეეხება უკრაინას, მომავალ კვირას საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება და სწორედ აქ ისაუბრებენ იმ ფინანსურ დახმარებაზე, რასაც კიევი მომავალ წელს მიიღებს. ლიდერებმა დაადასტურეს, რომ გამოყოფილია სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროს ოდენობით, ნოემბერში კი ამოქმედდება საწვრთნელი მისიაც.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ამბობს, რომ მათი ვარაუდით და ამას უკრაინის ხელისუფლებაც ადასტურებს, სჭირდებათ თვეში დაახლოებით 3-დან 4 მილიარდ ევრომდე, საკმარისი რესურსებისთვის. ეს თანხები კი უნდა დაფინანსდეს ევროკავშირის, ამერიკელი მეგობრების და ფინანსური ინსტიტუტების მიერ.
"წინ ბევრი სამუშაო გველის ენერგეტიკის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ საგზაო რუკა ძალიან ნათელია და კარგი იყო, რომ ერთსულოვნება, ფართო მხარდაჭერა გვქონდა იმ საგზაო რუქისადმი, რომელიც დღეს წამოვაყენეთ. უკრაინის შესახებ დისკუსიაზე აქცენტი უფრო მეტად გაკეთებული იყო მომდევნო წელზე. ჩვენ ვვარაუდობთ და უკრაინაც გვეუბნება, რომ მათ სჭირდებათ თვეში დაახლოებით 3-დან 4 მილიარდ ევრომდე, რომ ჰქონდეთ საკმარისი რესურსები. ეს კი უნდა დაფინანსდეს ევროკავშირის, ჩვენი ამერიკელი მეგობრების და ფინანსური ინსტიტუტების მიერ. უკრაინას სხვა საჭიროებები აქვს, რომლებიც უნდა გადაიჭრას. მაგალითად, ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება უკრაინის ყველაზე დაუცველთა დასახმარებლად რათა ეს ზამთარი გადალახონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა ვნახოთ, თუ როგორ შეგვიძლია აღვადგინოთ მაქსიმალურად ელექტროენერგია, წყალმომარაგება და სხვა აუცილებელი სერვისები,“ - აცხადებს შარლ მიშელი.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, საუბარი იყო თუ როგორ უნდა გაგრძელდეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ზეწოლა განხორციელდეს რუსეთზე. მისი თქმით, აშკარაა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული შეტევები.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელმაც, მართლაც მყისიერად მოახდინა ეფექტი, თქვენ შეიძლება შეგენიშნათ ბოლო საათებში, ფასების მნიშვნელოვანი შემცირება. ჩვენ ვმოქმედებთ კონკრეტულად და ვიქცევით ისე, როგორც ევროპელები, ჩვენ ერთად ვმოძრაობთ. ეს არის ევროსაბჭოს მიერ ევროკიმისიასთან ერთად ინიცირებული საკითხი, რომელიც აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, სანდოობა, ასევე ვიყოთ ძლიერები და დავიცვათ ჩვენი ევროპელი მოქალაქეები. ვისაუბრეთ უკრაინაზეც და იმის შესახებ, თუ როგორ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის ესკალაციას, ისევე, როგორც მობილიზაციას და არალეგალურ ანექსიას. ასევე ვხედავთ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებს და მათ სამიზნეებში ამოღებას, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვგმობთ ასეთ ქმედებებს,“ - ამბობს შარლ მიშელი.