27 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
საქართველოს პირველი ჩოგანი სასამართლო განაჩენის მოლოდინშია - რით ამტკიცებს დაცვის მხარე, რომ დოროყაშვილი იტყუებოდა და რა თქვა პროცესზე თავად ბრალდებულმა

საქართველოს პირველი ჩოგანი სასამართლო განაჩენის მოლოდინშია. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ გამოაცხადებს. ბრალის გაქარწყლებას ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი დღეს 8 საათის განმავლობაში ცდილობდა. ადვოკატების მთავარი სტრატეგია ნეკა დოროყაშვილის სიცრუეში მხილებაზეა აგებული.

ეპიზოდები შეერთებულ შტატებსა და ავჭალაში, მიმოწერები ახლა უკვე ყოფილ ცოლ-ქმარს შორის, დაზიანებები სხეულზე და იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სხდომაზე ამ დრომდე არ განხილულა - ადვოკატები ამბობენ, რომ დოროყაშვილის ბრალდებები სიმართლეს არ შეეფერება. თეონა გვაზავამ დღეს სხდომაზე დასკვნითი სიტყვა ნელი დოროყაშვილის მხრიდან სასამართლო სხდომაზე მოყოლილი ტყუილების ჩამოთვლით დაიწყო და დაასრულა. დღეს პირველად პროცესზე რეპლიკით ისარგებლა თავად ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ის აცხადებს, რომ არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობა არ ჩაუდენია. 

"ნელი მიმართავს ნიკას: ნიკა, ძალიან ცუდად თუ გინდა დამთავრება, შენ დაამთავრებ. აღარ მიყვარხარ, მე შენ აუცილებლად უნდა გაგშორდეო, მაგრამ ახლა განქორწინების დოკუმენტს ხელს არ მოვაწერო. ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს, მოძალადე ადამიანს ეუბნება - ვის წერდიო. მას აქვს შესაძლებლობა გააკონტროლოს ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმოწერები. ნელი წერს ნიკას - "ნიკა ამსტერდამში რომ წავიდე 4 დღით, რამე პრობლემა ხომ არ გექნება, ცოტა მინდა, რომ დავისვენო", "არანაირი, კარგი" - პასუხობს მას ნიკა. მოძალადემ ამსტერდამში 4 დღიანი დასვენება 7 000 დოლარი დააფინანსა," - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე. 

რამდენიმე წუთში მოსამართლე სათათბიროდ გავა, ხვალ კი ის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 

დღის ამბები