27 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
რატომ არ ჩაირთო ვაკის პარკის შადრევანში დენის გაჟონვის რელე, რომელსაც ობიექტზე ელექტროენერგია უნდა გაეთიშა - ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე პასუხი გამოძიებას ჯერ არა აქვს

პროფესორ თენგიზ მუსელიანთან ერთად, რომელიც ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტია, პროკურატურის მიერ გავრცელებული მტკიცებულებები "კურიერმა" დაათვალიერა. პირველივე ნახვისას უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა ვიდრე აქამდე ჰქონდა - იყო თუ არა შესაბამისად მყარი, ბრონირებული და წყალთან კონტაქტზე გათვლილი სადენები, რატომ დაამონტაჟეს მაღალ ძაბვაზე მომუშავე ტუმბოები და ასე შემდეგ. ყველა პრობლემა საბოლოოდ ყველაზე მთავარ საკითხამდე მიდის - რატომ არ იმუშავა რელემ, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია აქვს და ნებისმიერი მიზეზით გაჟონვის შემთხვევაში უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

მსჯელობისას სამი ვერსია იკვეთება - რელე ან უხარისხო იყო, ან არასწორად დამონტაჟდა, ან შესაბამისად, გატესტილი არ იყო. საბოლოო ვერსია სამხარაულის ექსპერტიზამ უნდა თქვას. სტანდარტებზე საუბრისას პროფესორი თენგიზ მუსელიანი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება - საერთოდ რატომ იყო დამონტაჟებული 300 ვოლტზე მაღალი ძაბვის ტუმბოები შადრევანში, რასაც მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტი ცალსახად კრძალავს. სავარაუდო მიზეზს თავადვე ასახელებს.
 
როგორც მაღალ ძაბვაზე მომუშავე ტუმბოების, ასევე უსაფრთხოების სისტემის და გაჟონვის სარელეო დაცვის მონტაჟზე მთავარი პასუხისმგებელი შემსრულებელი კომპანია "გრინსერვის პლუსია", ასევე ექსპერტიზა რომელმაც ამ ნაწილში პროექტი უსაფრთხოდ მიიჩნია. "გრინსერვისის" ხელმძღვანელობის პოზიცია დღესაც, ისევე როგორც გასული დღეების განმავლობაში, უცვლელია - იციან რომ დაამონტაჟეს, თუმცა კითხვაზე რატომ არ იმუშავა, პასუხი არ აქვთ.
 
კომპანია "გრინსერვისს" და მის ქვეკონტრაქტორებს აკისრებს პასუხისმგებლობას თბილისის მერია. "ღამის კურიერში" თემის მიმოხილვისას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სწორედ უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას.
 
ტექნიკურ ნაწილში კითხვებს პასუხი სამხარაულის ექსპერტიზამ უნდა გასცეს, რომელიც საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებთან ერთად იკვლევს. შემდეგ ჯერი უკვე სამართლებრივ რეაგირებაზე მიდგება. როდესაც რელეს საკითხი გაირკვევა, არ არის გამორიცხული საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
დღის ამბები