არც ბოდიში და არც საკადრო ცვლილებები შეცდომების გამოსასწორებლად საკმარისი არ აღმოჩნდა - 6 კვირიანი უკიდურესი პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ, დღეს ლიზ ტრასის 45 დღიანი მმართველობა დასრულდა. მწვავე ეკონომიკური კრიზისი, არასტაბილურობა ბრიტანეთის ეკონომიკურ ბირჟებზე და ეროვნული ვალუტის გაუფასურება - ეს ტრასის პოლიტიკური შეცდომების დანატოვარია. მართალია დაუნინგ სთრითზე ტრასმა დაშვებული შეცდომები დღეს საჯაროდ კიდევ ერთხელ აღიარა, თუმცა პასუხისმგებლობის ვექტორი გლობალური კრიზისებისკენ მიმართა.
სირცხვილი, ლაქა და უპატიებელი შეცდომა - ასე აფასებს ოპოზიცია ლიზ ტრასის პრემიერობის თვენახევარს, რომელმაც მათი თქმით, ქვეყანა პოლიტიკურ ქაოსამდე და ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა.
ლიზ ტრასის კაბინეტი მისმა წარუმატებელმა ეკონომიკურმა პროგრამამ იმსხვერპლა. ინიციატივა, რომელიც გადასახადების შემცირებასა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამებს მოიცავდა, მიზნად ინფლაციის შემცირებას ისახავდა, თუმცა მსგავსი მასშტაბის ფისკალურმა პაკეტმა კიდევ უფრო მეტად გააუფასურა ეროვნული ვალუტა და შექმნა ეკონომიკური უთანასწორობა. მომდევნო პრემიერის არჩევამდე მთავრობის კაბინეტს ტრასი თავად უხელმძღვანელებს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პრემიერობისთვის რიში სუნაკი იბრძოლებს, რომელიც ტრასთან მხოლოდ ფინალურ რაუნდში დამარცხდა. პრესის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს ბორის ჯონსონიც. იქნება თუ არა ეს ბორის ჯონსონის მეორედ მოსვლა ძალაუფლებაში? - ცნობილი მომდევნო კვირას გახდება.