27 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ვინ გააკეთა შარლ მიშელის დოკუმენტში ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გენერალური პროკურორი პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით მტკიცდება - მმართველი გუნდის ლიდერი კონკრეტულ გვარს ასახელებს

შვედი პოლიტიკოსი კრისტიან დანიელსონი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების პროცესს კურირებდა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, დოკუმენტში იმ ჩანაწერის ინიციატორია, რაც გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ითვალისწინებს. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ როგორც შეთანხმების ხელმოწერამდე, ასევე მისი ანულირების შემდეგ, სამართლებრივი გაუმართავობის გამო ინიციატივის შინაარსობრივ ნაწილს არ ეთანხმებიან.

გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით, ანუ 90 ხმით არჩევის პირობა რომ შეთანხმების მონაწილე ქართული პარტიებისგან არ მოდიოდა, ამას მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთი ხელმომწერი ვახტანგ მეგრელიშვილიც ადასტურებს.

როგორ მოხვდა შარლ მიშელის სახელით ცნობილ დოკუმენტში კონკრეტული ჩანაწერი -  შეთანხმებაზე ხელმომწერი სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები კითხვაზე პასუხს გაურბიან და ამბობენ, რომ ახლა მთავარი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების შესრულებაა.

სახელისუფლებო გუნდში, 19 აპრილის შეთანხმების მოსამზადებლად გამართულ შეხვედრებს იხსენებენ და განმარტავენ, რომ მმართველი ძალის წარმომადგენლები ევროპელი პარტნიორების შემოთავაზებას დასაწყისშივე კრიტიკით შეხვდნენ. მაგრამ საბოლოოდ, ქვეყნის ევროპული კურსის გათვალისწინებით, კომპრომისულ ვარიანტზე შეჯერდნენ.

შარლ მიშელის დოკუმენტის თითოეული ინიციატივა დიალოგში მონაწილე პარტიებისა და ეუთო/ოდირის, ვენეციის რეკომენდაციებიდან მოდიოდა - დღის ბოლოს ეს განცხადება მოლაპარაკებების ერთ-ერთმა ფასილიტატორმა, ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა გააკეთა

საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით - 90 ხმით დაამტკიცებს. საჭირო ხმების არ არსებობის შემთხვევაში, პროკურორს მესამე ცდაზე, უბრალო უმრავლესობით - 76 ხმით აირჩევენ, თუმცა ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წლით განისაზღვრება.

დღის ამბები