27 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
მინისტრის საათი პარლამენტში - რა კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა ილია დარჩიაშვილს

დღეს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას უსმენდნენ. 

"ნაციონალური მოძრაობიდან" საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას მხოლოდ ერთი დეპუტატი ესწრებოდა. რომან გოცირიძის კითხვას დარბაზშივე უწოდა ტყუილი პარლამენტის თავმჯდომარემ. საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო ყველა შესაბამის პლატფორმაზე უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია.

უკრაინის ომზე საუბრისას დეპუტატებმა მინისტრს იმის შესახებაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა რეზოლუციაზე, რომელსაც "ქართული ოცნების" წევრებმა მხარი არ დაუჭირეს და სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არის მოხსენიებული. საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ დოკუმენტზე საუბრისას წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკური წარსული გაახსენა.

წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე საუბრისას, დღეს სხდომათა დარბაზში მყოფებს, ძებნილი ზურაბ ადეიშვილიც არ დავიწყებიათ და უკრაინის სახელით ევროპის საბჭოში მისი შეხვედრებიც გაიხსენეს.

ქვეყნის ევროპული მომავალი და საქართველოსთვის მიცემული 12 დავალება იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც სხდომათა დარბაზში დღეს ყველაზე მეტი შეკითხვა დაისვა. შეკითხვების ადრესატს ოპოზიციამ საქმიანობაც და საგარეო პოლიტიკაც დაუწუნა. საპასუხო ბრალდებები ისმოდა მმართველი გუნდის მხრიდანაც, მათ შორის იმის გამო, თუ რატომ იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენების დროს ოპოზიციური ფლანგი ნახევრად ცარიელი.

შეკითხვები დაისვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, იმაზეც თუ რა რეაგირება ჰქონდა ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე. მინისტრი ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვს. ისევე როგორც დეოკუპაციის ნაწილში, რაზე საუბრითაც დაიწყო მოხსენება ილია დარჩიაშვილმა. თქვა რას და როგორ აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ რუსეთმა აგრესიული პოლიტიკისთვის პასუხი აგოს. მინისტრის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაბამის ფორმატში მუშაობს. ისაუბრა იმ რეფორმებზეც, რომელიც მისი თქმით, ქვეყანაში ტარდება იმისთვის, რომ საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია დაჩქარდეს. ილია დარჩიაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატების წინაშე, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველად წარდგა.

დღის ამბები