თბილისის ბავშთა ცენტრალურ საავადმყოფოში 9 დეპარტამენტიდან 7 დაიხურა. გადაწყვეტილება იაშვილის საავადმყოფომ გუშინ გვიან ღამით მიიღო. კლინიკას ამ ეტაპზე მხოლოდ ამბულატორიული მომსახურება და ონკოპაციენტების მიღება შეუძლია.
კლინიკაში დეპარტამენტების დახურვის მიზეზი, რეგულირების სააგენტოს დასკვნა გახდა. დასკვნაში წერია, რომ დაწესებულებას თანამედროვე სამედიცინო სერვისების მიწოდების კუთხით გარკვეული პრობლემები აქვს. იაშვილის ხელმძღვანელი ამ საკითხებზე ღიად საუბრობს და ამბობს, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს და მათი მოგვარება უკვე დაწყებულია. ნომერ პირველ ამოცანად, პაციენტების სხვა დაწესებულებებში დროული გადანაწილების საკითხი რჩება. საავადმყოფოში ამ დროისთვის დაახლოებით 100 ბავშვი მკურნალობს. მოზარდების გადაყვანაზე მოლაპარაკება, ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე დაწყებულია.
რეგულირების სააგენტო ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში არსებულ მდგომარეობას ბოლო ერთი თვის განმავლობაში სწავლობდა და სამედიცინო სერვისების მიწოდებაც დაფიქსირებული ხარვეზების განო დროებით შეუჩერა. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყველა პაციენტმა უნდა მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და ამისთვის პრობლემების დროულად გადაჭრა აუცილებელია.
თანამედროვე სერვისების მიწოდებამდე. კლინიკას პაციენტების მიღების საშუალება არ ექნება - ეს გადაწყვეტილება დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღო. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურული მოწყობა უკვე დაწყებულია, სრულად გარემონტებულია ამბულატორიულ- დიაგნოსტიკური ცენტრი, გადაუდებელი განყოფილება, სადაც პაციენტები დღესაც გადიან მკურნალობას.
ბავშთა ცენტრალურ საავადმყოფოში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები წლის ბოლოსთვის დასრულდება. დეკემბერში იაშვილის კლინიკა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.