27 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
რექტორის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

რექტორის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სტუდენტების ნაწილი რექტორის კაბინეტთანაა შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ ჯაბა სამუშიას კანდიდატურას, ამბობენ, რომ არჩევნები ფორმალურია და არანაირი ლეგიტიმაცია მას არ გააჩნია.

უნივერსიტეტი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს. პოსტზე ერთადერთი კანდიდატია, ეს არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა სამუშია. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

გადაწყვეტილება სავარაუდოდ 15-20 წუთში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, როდესაც ხმის მიცემის პროცესი დასრულდება და კომისიის თავმჯდომარე კახა ლორია მედიასთან განცხადებას გააკეთებს.

შეკრებილი სტუდენტები უშუალოდ იმ კაბინეტში შესვლას მოითხოვენ, სადაც არჩევნები მიმდინარეობს და კენჭისყრის პროცესს დააკვირდნენ. უსაფრთხოების თანამშრომლებმა სტუდენტებს კაბინეტში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც მათსა და პროტესტის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებსაც გარკვეული მოთხოვნები გააჩნიათ, ისინი ამბობენ, რომ არჩევნების პროცესს ფორმალური ხასიათი აქვს და არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ისინი ითხოვენ პროცესში მონაწილეობა მიიღოს არა აკადემიური საბჭოს 38-მა წარმომადგენელმა, არამედ სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სფეროს ყველა წარმომადგენელმა.

"აკადემიური პერსონალი უნდა ირჩევდეს რექტორს და არა აკადემიური საბჭო, რომელიც 38 წევრისგან შედგება. პროფესურამ ყველაზე კარგად იცის რა დღეში არიან სტუდენტები დღეს და რა დაბრკოლებების წინაშე ვართ. ჯაბა სამუშიას მოსვლა მთლიანად აკადემიური საბჭოს და გამარჯვება იქნება, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით," - აცხადებს სტუდენტი ნინი ქავთარია.

დღის ამბები