27 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება და გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესით უკმაყოფილო ოპოზიცია - რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულება სურთ, თუმცა გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი არც პოზიციას მოსწონს და არც ოპოზიციას. საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიღებულია, თუმცა "ქართული ოცნება" ღიად ამბობს, რომ ცვლილებას მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ ქვეყანამ წლის ბოლომდე ევროკომისიის მიერ გაცემული დავალებები შეასრულოს. მმართველი გუნდის ეს პოზიცია მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომელსაც გენპროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები აქვს. ყველა პოლიტიკური მხარე ახლა ვითარების პარადოქსულობაზე საუბრობს, როცა კანონი არავის მოსწონს, თუმცა ის მაინც უნდა მიიღონ. კიდევ ერთი დეტალი, როგორც აღმოჩნდა ევროკავშირის თითქმის არცერთ ქვეყანაში თავად ევროპელების მიერ შემოთავაზებული პროკურორის არჩევის წესი არ მოქმედებს.

იმ ქყვეყნებში, რომელზეც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს, გენერალური პროკურორის არჩევისთვის პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა საჭირო არ არის. საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში გენერალურ პროკურორს პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით აირჩევს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეს წესი არ მოქმედებს. კახი კახიშვილს კითხვები, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს.

კოლეგის კითხვებს დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ უპასუხა და ის ერთადერთი ქვეყანაც დაასახელა, სადაც პროკურორი საქართველოს მსგავსი წესით შეირჩევა. ის მოცემულობა, რომ ფაქტობრივად არცერთი ქვეყანა მსგავს გამოცდილებას არ იყენებს, ირაკლი კობახიძისთვის ევროპელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ვერსიის კრიტიკის მიზეზია.

სწორედ ამ მიზეზით დაუჭირეს მხარი ცვლილებებს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებმა, ვისაც საკითხის მიმართ შენიშვნები აქვთ, თუმცა არ მოსწონთ ოპონენტების რიტორიკა.

შექმნილი ვითარება კინოფილმ "ცისფერ მთებს " აგონებს პარტია მოქალაქეების წევრებს. რომლებიც იმ იშვიათი გამონაკლისების რიგებში არიან, ვინც კონკრეტულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

სიტუაცია პარადოქსულია მმართველი პარტიისთვის. ქართული ოცნების ლიდერები, რომლებიც გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს არ ეთანხმებიან, აცხადებენ რომ მხარს კანონპროექტს მხოლოდ ერთი მიზეზით უჭერენ - არ შეფერხდეს ქვეყნის ევროპული მომავალი.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს 90 ხმით აირჩევს. საჭირო მხარდაჭერის არ არსებობის შემთხვევაში, პროკურორის არჩევა უბრალო უმრავლესობით , 76 ხმით მოხდება. ამ მეთოდით არჩეული პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წლით განისაზღვრება.



დღის ამბები