27 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ექსპერტიზის ექსპერტიზა - "მშენ ექსპერტის" მიერ გაცემული ყველა დასკვნა გადაიხედება და შემოწმდება ყველა ობიექტი, რომელსაც ამ კომპანიის ბეჭედი აქვს

წუთიერი დუმილით პატივი დედაქალაქის მთავრობის წევრებმა მარიტა მეფარიშვილს მიაგეს. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მერიაში სხდომა დღეს პირველად ჩატარდა, თუმცა ტრადიციული დღის წესრიგისგან განსხვავებით, თბილისის მთავრობის წევრებმა ერთადერთ საკითხზე იმსჯელეს. 13 ოქტომბრის ტრაგედია გახდა იმ დავალების მიზეზიც, რომელიც კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს მისცა. მერია კომპანია "მშენ ექსპერტის" მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნების იდენტიფიცირებაზე მუშაობას იწყებს. ყველა ობიექტი, რომლის უსაფრთხოებაზეც საექსპერტო კომპანიას დადებითი დასკვნა აქვს მომზადებული გადამოწმებას დაექვემდებარება.

შემოწმება დედაქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებულ სამუშაოს ეხება, რომლის ექსპერტიზაზეც "მშენ ექსპერტმა" იმუშავა. ინსპექტირებამ უნდა დაადგინოს რამდენად შესაბამისობაშია ობიექტები არსებულ ნორმებთან. ამ ობიექტების ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. მერიაში განმარტავენ, რომ უსაფრთხოების დაცვა, სამომავლოდ ნებისმიერი საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია.

საექსპერტო კომპანიაში, რომელსაც გამოძიება დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება დღეს არავინ გამოჩენილა. "მშენ ექსპერტში" გუშინდელი დაკავებების შემდეგ საქმესთან დაკავშირებით არ საუბრობენ.

"მშენ ექსპერტის" ისტორია კი ასეთია -კომპანიას სხვადასხვა უწყების 97 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, 53%-მდე კი მოგებული. ტენდერების საერთო ღირებულება თითქმის 2 მილიონ ლარამდეა. "მშენ ესქპერტის" ანგარიშზეა ასევე 110 გამარტივებული შესყიდვა, რომლის ღირებულებაც 800 000 ლარს აჭარბებს.

ტენდერებთან ერთად საექსპერტო დასკვნების ინსპექტირების აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველი გუნდის ოპონენტები. საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია რომ შემოწმება დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ჩაატარონ

ობიექტების იდენტიფიცირების შემდეგ, უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვისთვის მონიტორინგს და პროცესის ზედამხედველობას საკრებულოც გეგმავს.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენას და გამოძიების საბოლოო შედეგებს მერიაშიც ელოდებიან. კახა კალაძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მცირედი ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში ის მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრება სურდათ დღეს მერიასთან შეკრებილ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს . მერმა დღეს რამდენჯერმე განმარტა რომ პირადი , პოლიტიკური ინტერესებისთვის ტრაგედიის გამოყენება დაუშვებელია.

დღის ამბები