27 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი საკუთარ პარტიას უმძიმეს ბრალდებებს უყენებს - რაში ადანაშაულებს მალხაზ თავდგირიძე ყოფილ თანაგუნდელებს

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი მალხაზ თავდგირიძე, საკუთარ პარტიას უმძიმეს ბრალდებებს უყენებს და მათ პირადი სატელეფონო მიმოწერების მოპოვებასა და შანტაჟში ადანაშაულებს. "ნაციონალური მოძრაობის" ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, თანაპარტიელების შანტაჟის შემდეგ თანამდებობაც დატოვა და პარტიაც.

თავდგირიძე ირწმუნება, რომ მისმა ორმა თანაპარტიელმა მამუკა ჯევაიშმა და ელგუჯა ბაგრატიონმა მისი სატელეფონო მიმოწერები მოიპოვეს, მესამე პირზე გაავრცელეს და მას ფრაქციის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოსთხოვეს.

ამიტომ მიიღო მალხაზ თავდგირიძემ, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება და პარალელურად საგამოძიებო უწყებას მიმართა. გამომძიებლების კითხვებს, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი დღეს პასუხობდა.

თავად ელგუჯა ბაგრატიონი და მამუკა ჯევაიში, ვისაც თავდგირიძე პირადი მიმოწერების მოპოვებასა და შანტაჟში ადანაშაულებს, ბრალდებებს უარყოფენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ ფაქტებს, რაზეც მათი ყოფილი თანაპარტიელი საუბრობს, ადგილი არ ჰქონია.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამ ფაქტითაც დადასტურდა "ნაციონალური მოძრაობის" შიდა განხეთქილება.

მალხაზ თავდგირიძემ სპეციალური განცხადება გუშინ გააკეთა და აღნიშნა ისიც, რომ პარტიას სხვა წევრებიც ტოვებენ. მისი მიმართვის საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება, 159-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვებას, გამოყენებასა და გავრცელებას გულისხმობს.

დღის ამბები