27 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
კობახიძე ლომჯარიაზე: არ გამოვრიცხავ, ჩაანაცვლოს საკუთარი პირველი მოადგილე იმისათვის, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსი ბურჯანაძე დატოვოს მოვალეობის შემსრულებლად

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნინო ლომჯარიამ, შესაძლოა, პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას :

"ლომჯარია ისეა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რომ არ გამოვრიცხავ, თუნდაც ასეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას - ჩაანაცვლოს საკუთარი პირველი მოადგილე იმისათვის, რომ კიდევ ერთი, პოლიტიკოსი ბურჯანაძე დატოვოს მოვალეობის შემსრულებლად," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს ფაქტი. მისი თქმით, ოპოზიციის ხელშია სახალხო დამცველის არჩევა, რადგან "ქართულ ოცნებას" საკმარისი 90 ხმა არ გააჩნია. 

"საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოება შეაფასებს ამას. თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლა არის ის, რომ პარლამენტი ვერ მოახერხებს სახალხო დამცველის არჩევას, მაგრამ ისინი ასეთი ტრიუკებით დატოვებენ ბურჯანაძეს დე ფაქტო სახალხო დამცველად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იქნება მძიმე მოვლენა და საზოგადოებამ ეს უნდა შეაფასოს. ოპოზიციის ხელშია სახალხო დამცველის არჩევა. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს 90 ხმა. რაც შეეხება "მოქალაქეების" გადაწყვეტილებას, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ისინი საკუთარი პასუხისმგებლობით იღებენ გადაწყვეტილებას. თუ მეკითხებით ფაქტობრივად რას ცვლის, მოხდება ის, რომ პარლამენტს მოუწევს ცხრამეტივე კანდიდატთან გასაუბრების, ნაცვლად შვიდი, რვა, ცხრა კანდიდატისა. ტექნიკურად, ეს პარლამენტისთვის ნიშნავს მეტ ტვირთს, მაგრამ გამჭვირვალობისთვის შეიძლება არც იყოს ცუდი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები