27 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
"ტუმბოები იყო განხორციელებული ისე, როგორც პროექტში იყო" - კომპანია "ელემსის" განცხადებას მერიაში პასუხობენ  

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ვაკის პარკის შადრევნის საქმეში ფიგურირებს "ელემსია" - ეს არის შადრევნის პროექტის ავტორი კომპანია, რომელიც ირწმუნება, რომ უშუალოდ სამუშაოების შესრულებისას პროექტი შეცვალეს და ტექნიკური ნაწილი სრულიად განსხვავებულად ჩატარდა.

უფრო კონკრეტულად, ყურადღება გამახვილებულია მაღალი ძაბვის ტუმბოს ადგილმდებარეობაზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის თანახმად ე.წ. ტუმბო უნდა ყოფილიყო შადრევნის წრიულის გარეთ, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ხოლო სადენები უნდა განეთავსებინათ მიწის ქვეშ. 

შპს "ელემსის" წარმომადგენლების ადვოკატი, ზაზა ნაჭყებია კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე სახის დანაშაულს მისი დაცვის ქვეშ მყოფებისგან. მისი თქმით, "ელემსის" მიერ შესრულებული პროექტის თანახმად, დენის გაჟონვის საფრთხე მინიმუმადე იყო დასული. 

"იურიდიულ პასუხისმგებლობას, იქ სადაც ვართ უდანაშაულოები, ვერ ავიღებთ. ჩვენს მიერ შესრულებულ პროექტში ე.წ. ჩაძირული ტუმბოები განთავსებული იყო შადრევნის საზღვრებს გარეთ, მოაჯირების გარეთ, 1.5 მეტრის დაშორებით. მინიმუმამდე დაჰყავს დენის გაჟონვის საფრთხე. ვამტკიცებ იმას, რომ ჩვენი პროექტი იყო აბსოლუტურად უსაფრთხო და ის, რაც გაკეთდა, ჩვენი პროექტის შესაბამისად არ არის გაკეთებული. სამუშაოთა შესრულების ეტაპზე არასწორად მოხდა პროექტში კორექტირება," - აცხადებს ზაზა ნაჭყებია. 

ამ ინფორმაციას უარყოფს მერია. მუნიციპალური ორგანო განმარტავს, რომ პროექტი არ შეცვლილა, ტუმბოები კი დაამონტაჟეს იმ ტიპის რაც ავტორებს ჰქონდათ მითითებული, ასევე იმ ადგილას, რასაც პროექტი ითვალისწინებდა. 

"პროექტში არის ნათლად მითითებული, თუ რა ტიპის ტუმბოები უნდა იყოს პროექტში. მე მაქვს ამობეჭდილი პროექტიდან ტუმბოს ტიპი, ეს არის ჩაძირული ტუმბო მრგვალ შადრევანზე, რომელიც მითითებულია რომ უნდა იყოს ჩაძირული, შესაბამისად, ეს ტუმბო გარეთ ვერ იქნებოდა. ეს ნახაზი არის დამოწმებული ავტორის მიერ და აქ ნათლად ჩანს, თუ სად არის ტუმბო და სად უნდა ყოფილიყო პროექტით. ძალიან სამწუხაროა ავტორის მხრიდან ასეთი განცხადებები, იმიტომ რომ პირველ რიგში, როგორც გითხარით, ფაქტობრივად, ტუმბოები იყო განხორციელებული ისე, როგორც პროექტში იყო და მეორე, მას ევალებოდა ხელშეკრულებით, სადაც არის მისი ვალდებულება პროექტის ნებისმიერი ცვლილება, პროექტის მსვლელობისას საპროექტო ზედამხედველობის გაწევა. ეს ადამიანი იყო ჩართული როგორც სამშენებლო პროცესში, ასევე გახსნამდე, თუნდაც როცა სიუჟეტები მზადდებოდა ტელევიზიებისთვის, ეს ადამიანი ადგილზე იყო, ზუსტად იცოდა როგორ განხორციელდა სამუშაოები და არც ერთხელ მისგან არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა," - ამბობს თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია.

 

დღის ამბები