27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
იაგო ხვიჩია ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში ე.წ "კანონიერი ქურდების" უფლებების დაცვის პირობას დებს

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ე.წ. კანონიერი ქურდების უფლებების დასაცავად იბრძოლებს და ამისთვის კანონპროექტის ინიციირებასაც აანონსებს.

იაგო ხვიჩიას თქმით, ის "გირჩის" მიერ ოფიციალურად უკვე წარდგენილია სახალხო დამცველის კანდიდატად და სანამ ომბუდსმენად არჩევისთვის კოლეგებს მხარდაჭერას სთხოვს, სურს მათ რიგ საკითხებზე თავისი ხედვა გააცნოს. პირველი საკითხი, რაზეც დღეს იაგო ხვიჩია პარლამენტარებს ესაუბრა, არის კანონი ქურდული სამყაროს შესახებ, რომელიც, მისი მოსაზრებით, ადამიანებს სჯის არა მათი ქმედებების, არამედ მათი რწმენის გამო.

"ამ კანონით ჩვენ, ფაქტობრივად, ადამიანის რწმენის თავისუფლება შევზღუდეთ. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ იმის მიუხედავად, შევძლებთ თუ არა კონკრეტული ქმედების დამტკიცებას, იმის მიუხედავად, შევძლებთ თუ არა დამტკიცებას, რომ ადამიანს ორგანიზებული ბანდა ჰქონდა შექმნილი ან იყო თუ არა ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე; იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. ფაქტობრივად, ამ კანონის მიღებით, ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, რომელიც ისე არ გვაქვს და აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით - ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

ადამიანი უნდა დაისაჯოს მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო და არა იმ რწმენის გამო, რომელიც სჯერა. არ შეიძლება ადამიანის დასჯა ლაპარაკის გამო. მე, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატი, ჩემი არჩევის შემთხვევაში, მინდა იცოდეთ, რომ ვიბრძოლებ ამ ადამიანების უფლებებისთვის, თუმცა არა იმიტომ, რომ ვინმე მათგანს ვიცნობ. მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ არცერთ "კანონიერ ქურდს" არ ვიცნობ პირადად. არავის ცნობა არ მჭირდება იმისთვის, რომ დავინახო უსამართლობა, რომელიც ფურცელზე წერია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები