27 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
პარლამენტი დღეს გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს კენჭს უყრის - ვის რა პოზიცია აქვს საკონსტიტუციო პროექტზე

მიიღებს თუ არა გენერალური პროკურორს არჩევის ახალი წესი საჭირო 113 ხმას - საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი კენჭისყრა დაახლოებით ერთ საათში გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ ინიციატივას ოპოზიციის ნაწილი მხარს არ დაუჭერს, მათ რიგებშია "მოქალაქეები" და დეპუტატი ხათუნა სამნიძე. პროექტს ხმას მისცემს "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო" და "გირჩი".

"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ცვლილებების ინიცირება ევროპის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას ემსახურება და ეს ხელისუფლების მხრიდან კომპრომისული ნაბიჯია.

"ის დოკუმენტი, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი თქვენს წინაშე, მთლიანად არის შეუსაბამო სამართლებრივ პრინციპებთან და მმართველობის ლოგიკასთან. ის კრიტიკული შენიშვნები, რაც გვქონდა ჩვენ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით შარშან, რა თქმა უნდა, რჩება ძალაში. ამ ერთი წლის განმავლობაში არც სამართლებრივი პრინციპები შეცვლილა და არც მმართველობითი ლოგიკა შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ჩვენი კრიტიკული განწყობა ამ კანონპროექტის მიმართ არის ძალაში. თუმცა არის ევროკავშირის რეკომენდაციები, ასოცირების დღის წესრიგი, 12 პუნქტი და სწორედ იქ არის ასახული შესაბამისი რეკომენდაცია. იმისათვის, რომ ჩვენ არ შევაფერხოთ კანდიდატის სტატუსის მიღება, 12 პუნქტის შესრულება, ევროინტეგრაციის პროცესი, ამიტომ არის აუცილებელი ამ კანონპროექტის მიღება. ამ მიზეზით ჩვენ დღეს წარმოვადგენთ ამ კანონპროექტს და უმრავლესობის გაცხადებული პოზიციაა რომ ჩვენი მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა ამ დოკუმენტის მიმართ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით ირჩევს. იმ შემთხვევაში კი, თუ ამ წესით მას ორჯერ ვერ აირჩევენ, პარლამენტი გენპროკურორს უბრალო უმრავლესობით ერთი წლის ვადით აირჩევს.

დღის ამბები