27 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
უკრაინის მხრიდან ეს ცუდი საქციელია, დავიჯერო უფრო კვალიფიციური იურისტი არ მოიძებნა უკრაინაში, რომ ძებნილი ადეიშვილი არ გაეგზავნათ რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაძებნად? - ალეკო ელისაშვილი 

"ცალმხრივი მეგობრობა გრძელდება" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნება" ზურაბ ადეიშვილის ევროპის საბჭოში გამოჩენა.

გავრცელდა ფოტოები, სადაც იუსტიციის ძებნილი მინისტრი უკრაინის სახელით შეხვედრებში მონაწილეობს.

საუბარია ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე, სადაც განიხილება რუსული აგრესიის შედეგები და ომის დანაშაული. 

ის, რომ საქართველოში მსჯავრდებული ჩინოსანი უკრაინულ ოფიციოზს წარმოადგენს, სახელისუფლებო გუნდის კრიტიკას იწვევს, ოპოზიციისთვის კი გაუგებარია, რატომ მოყვა აღნიშნულ ამბავს ეს განხილვა.

"ახლა გაიგეს, რომ ადეიშვილი იუსტიციის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა წლების განმავლობაში და ახალი საიდუმლო აღმოაჩინეს რაიმე? თავისი პროფესიული გამოცდილებით ეხმარება უკრაინას. ყველამ იცის რომ ესენი არია პოლიტიკური დევნილები, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილია პოლიტპატიმარი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე. 

ოპოზიციის ერთი ნაწილი კი, მმართველი გუნდის პოზიციას იზიარებს. მაგალითად ალეკო ელისაშვილისთვისაც გაუგებარია, რატომ გაუშვა ევროსაბჭოში უკრაინამ საკუთარ წარმომადგენლად, საქართველოში ძებნილი ზურაბ ადეიშვილი:

"საქართველოში ყველამ რომ ვიცით, ვინ არის რა ჩაიდინა და რით იყო დაკავებული ზურაბ ადეიშვილი და უცბათ ასეთ ადამიანს ევროსაბჭოში საკუთარ წარმომადგენლად გზავნი, რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ეს არ არის სწორი საქციელი. ეს ცუდი საქციელია და ჩვენი ურთიერთობის დამაზიანებელია. ეს უკვე უკრაინელების შეცდომაა. დავიჯერო უფრო კვალიფიციური იურისტი არ მოიძებნა 44 მილიონიან უკრაინაში, რომ ძებნილი ადეიშვილი არ გაეგზავნათ რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაძებნად? ამის არ მჯერა," - ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი. 

 

დღის ამბები