უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია. კიევში სიგნალის ხმა დილის 7-ის ნახევრიდან ისმის. საჰაერო თავდასხმებია, კიევის ოლქის, ხარკოვისა და ჟიტომირის მიმართულებით. 5 ადამიანია დაღუპული სუმის ოლქში, სადაც ერთი დღის განმავლობაში სარაკეტო თავდასხმა 300-ჯერ მოხდა. დაშავდა 14 პირი. დეოკუპირებულ ლიმანში პოლიციამ მასობრივ სამარხში მოკლული ხუთი ბავშვის ცხედარი აღმოჩინა.
კიევში, უკრაინელი აქტივისტები ირანის საელჩოსთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს რუსეთისთვის, ირანული კამიკაძე დრონების მიყიდვა, რომლითაც რუსულმა ძალებმა გუშინ უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმა განახორციელეს.
იერიში ოკუპანტებმა დედაქალაქის ერთ-ერთ ენერგოობიექტზე დესნიანსკის რაიონში მიიტანეს, რამაც ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
უკრაინული სააგენტოების ინფორმაციით, აფეთქების ხმა ისმოდა კიევის სიახლოვეს ბროვარის დასახლებაშიც. დაშავებულთა შესახებ ცნობებს ოფიციალური პირები ჯერჯერობით არ ავრცელებენ. დეტალებს მთავრობა ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ასაჯაროვებს.
"რუსეთის ტყვეობიდან ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების მორიგი ეტაპი დასრულდა. ჩვენ შევძელით 108 უკრაინელი ქალის გათავისუფლება, მათგან 96 სამხედრო მოსამსახურეა, 37 აზოვსტალიდან არის ევაკუირებული, 12 კი სამოქალაქო პირია. გათავისუფლებულთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ფართომასშტაბიან ომამდე დიდი ხნით ადრე ტყვედ აიყვანეს. ჩვენიანი არავინ გვავიწყდება, ყველა უნდა დავიბრუნოთ და დავიბრუნებთ. რაც უფრო მეტი რუსი ტყვე გვეყოლება, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი გმირების გათავისუფლებას.
ტერორისტმა რუსებმა კიევზე თავდასხმისას ახალგაზრდა ოჯახი შეიწირა. ვლადიმირ პუტინს შეუძლია კიდევ ერთი მიღწევა მიითვალოს. მან კიდევ ერთი ორსული ქალი მოკლა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.