რაც უფრო მეტი რუსი ტყვე გვეყოლება, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი გმირების გათავისუფლებას - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკი ასე 108 უკრაინელი ქალის ტყვეობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.
უკრაინის ლიდერმა ვიდეომიმართვაში 17 ოქტომბერს კიევზე დრონებით განხორციელებულ იერიშზეც ისაუბრა. მისი თქმით, "შაჰიდებით" თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო ორსული ქალი. ზელენსკი მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს, შეგნებულად მოიხმარონ ელექტროენერგია.
"რუსეთის ტყვეობიდან ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების მორიგი ეტაპი დასრულდა. ჩვენ შევძელით 108 უკრაინელი ქალის გათავისუფლება. მათგან 96 სამხედრო მოსამსახურეა, 37 აზოვსტალიდანაა ევაკუირებული, 12 კი სამოქალაქო პირია. გათავისუფლებულთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ფართომასშტაბიან ომამდე დიდი ხნით ადრე ტყვედ აიყვანეს. ჩვენიანი არავინ გვავიწყდება – ყველა უნდა დავიბრუნოთ და დავიბრუნებთ.
რაც უფრო მეტი რუსი ტყვე გვეყოლება, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი გმირების გათავისუფლებას. ტერორისტმა რუსებმა კიევზე თავდასხმისას ახალგაზრდა ოჯახი მოკლა, მათი ირანული შაჰიდის სამიზნეებს საცხოვრებელი კორპუსები წარმოადგენდა. ვლადიმერ პუტინს შეუძლია კიდევ ერთი მიღწევა მიითვალოს, მან კიდევ ერთი ორსული ქალი მოკლა. როდესაც ვსაუბრობთ საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების საჭიროებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ რეალური ადამიანების სიცოცხლეზე, რომლებიც ტერორისტებს ეწირებიან," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.